მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შეუმსუბუქებს თუ არა ტურიზმი თურქეთს ინფლაციის ტვირთს?

6200d009293be
თათია კაკიაშვილი
07.02.22 22:40
604
თურქეთში ინფლაცია 2022 წლის იანვარში 48,7%-მდე გაიზარდა, ეს მაჩვენებელი ჯერ კიდევ დეკემბერში 36%-ს შეადგენდა. თუმცა, ზოგიერთი ეკონომისტი ფიქრობს, რომ რეალური მაჩვენებელი შეიძლება ბევრად უფრო მაღალი იყოს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ “ინფლაციის ტვირთის ტარება” გარკვეული დროით ქვეყნის მასშტაბით ჯერ კიდევ ყველას მოუწევს. ეს კი ისედაც ცხადია: ქვეყნის მასშტაბით თითქმის არ დარჩა ოჯახი, რომელსაც საყოფაცხოვრებო ხარჯების გადახედვა არ მოუწია. ლირის ყოველდღიური გაუფასურება სუპერმარკეტებსა და ბაზრებში ასევე ყოველდღიურად ცვლის პროდუქტებზე არსებულ ფასებს.

მართალია, თურქეთს ახლა მძიმე ეკონომიკური ხანა უდგას, თუმცა ამჟამინდელმა გაცვლითმა კურსმა ის ტურისტებისთვის ხელსაყრელ დასასვენებელ ადგილად აქცია. პანდემიამდე, 2019 წელს, ტურიზმმა ქვეყანაში 34 მილიარდი დოლარი შეიტანა. ასევე, 2020 წლის “ლოქდაუნების” მიუხედავად, შარშან თურქეთმა, ამ მხრივ, ძალების აღდგენა მაინც შეძლო.

ტურისტულ კომპანიებში აცხადებენ, რომ ჯავშნები ამ ეტაპზე არის, თუმცა 2019 წელთან შედარებით - მათი რაოდენობა სამჯერ ნაკლებია. კორონავირუსის გამო, ხალხი ჯავშნებს ბოლო წუთს აუქმებს, რაც სექტორისთვის არასტაბილურ მდგომარეობას ქმნის. თუმცა, პოზიტიური მოლოდინები მაინც არსებობს.

ტურიზმიდან შესული თანხა თურქეთის ეკონომიკის 13%-ს შეადგენს. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მონაცემებით, ქვეყანა 2019 წელს მეექვსე ყველაზე პოპულარულ ტურისტულ ადგილად დასახელდა. შესაბამისად, თუკი ინდუსტრია წელს აღდგენას შეძლებს, ცხადია, ეს თურქეთს ფართო ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს.

ასე რომ, მთავარი საკითხი ახლა ისაა, არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, რაიმე დამატებითი სამოგზაურო რეგულაციები არ ამოქმედდეს. სხვა მხრივ, გაუფასურებული ლირა, როგორც ჩანს, ტურისტებისთვის თურქეთში მოგზაურობისთვის კარგი სტიმულია.