მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“შევთანხმდით, რომ 2022 წლამდე ასე ვერ გაგრძელდება” - ზარქუა საპენსიო სესხების საპროცენტო განაკვეთზე

60d583c63547f
ლიკა გურაბანიძე
25.06.21 11:53
2163
„შევთანხმდით, რომ 2022 წლამდე ასე ვერ გაგრძელდება. ახალი ტენდერი უნდა გამოცხადდეს და სატენდერო კომისიის შერჩევა უნდა მოხდეს“, - ამის შესახებ “საქმიან დილაში” საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმ წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

რამდენიმედღიანი ხმაურიანი განხილვების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ამბობს, რომ საპენსიო სესხების განაკვეთთან დაკავშირებით „ლიბერთი ბანკთან“ შეთანხმება შედგა.

ირაკლი ზარქუა იმედს გამოთქვამს, რომ შემოდგომაზე პენსიონერები იმაზე მისაღებ და გამჭვირვალე მომსახურეობას მიიღებენ, ვიდრე - დღესაა.

“საბანკო სექტორი არის ის სექტორი, რომელმაც ქარტეხილებს გაუძლო და აქამდე მოვიდა. გამართული და მდგრადი საბანკო სექტორი ჩვენი ბიზნესის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.

იმ სამუშაო ჯგუფში, სადაც პირველივე დღიდან „ლიბერთი ბანკი“, ეროვნული ბანკი, ფინანსთა სამინისტრო და მთავრობა მონაწილეობდა, ერთადერთი კითხვა მქონდა, როგორ არის შესაძლებელი არსებული საპროცენტო განაკვეთი დავწიოთ? ამისთვის სახელმწიფომ რა შეიძლება გააკეთოს? რამდენიმე ვარიანტი იხილებოდა, მათ შორის ის, რომ სებ-ს კაპიტალზე მოთხოვნა შეემცირებინა. „ლიბერთი ბანკს“ ამ მოცემულობაში იმის რესურსი არ აქვს, რომ პროცენტი დაწიოს, მოდელი ისეა შექმნილი, რომ მათ ამის მოქნილობა არ გააჩნიათ.

განაკვეთს ბანკი დაბლა ვერ წევს, მეორე მხრივ, ის მაღალია და მომსახურეობა რთულია. ამიტომ ვთქვი, იქნებ დავუბრუნდეთ თემას, რომ სახელმწიფომ მომსახურების ის სეგმენტი დაასუბსიდიროს, რომელიც მაღალმთიან რეგიონებშია”, - აღნიშნა ზარქუამ.

ცნობისთვის: საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში "სტრატეგია აღმაშენებლის" მიერ წარდგენილი "საპენსიო სესხებთან დაკავშირებით" კანონპროექტი განიხილეს. წარდგენილი ცვლილებების მიხედვით, მოქალაქეებს პენსიის აღების შესაძლებლობა მათთვის სასურველ ბანკში უნდა შეეძლოთ. მეორე ინიციატივა პროცენტის დაბლა დაწევაა და მესამე - იმ პენსიონერებს, რომლებსაც დღეს რისკები მომატებული აქვთ და დასაქმებული ოჯახის წევრი ჰყავთ, რომელიც თავდებში ჩაუდგება, მაშინ სესხზე გონივრული პროცენტი 20 – 22 – 25% დაწესდეს.

ამჟამად საპენსიო კრედიტების ეფექტიანი წლიური განაკვეთები საშუალოდ 30.65%-ს შეადგენს, რაც "ლიბერთი ბანკის" გენერალური დირექტორის თქმით “საბაზრო” განაკვეთია.

შეგახსენებთ, საპენსიო გასაცემლის მიმართულებით 2022 წელს სახელმწიფოსა და "ლიბერთი ბანკს" შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას ვადა გასდის. როგორც ცნობილია, მთავრობა ახალი ტენდერისთვის საჭირო ტექნიკური პირობების შედგენის პროცესში ჩაერთვება, ბანკებს კი ტენდერის მოსამზადებლად ერთწლიანი პერიოდი მიეცემათ.