27.თებერვალი .2021 17:25

“შეწყდეს კრიტიკული მედიის ბოიკოტი” - მედიის და სამოქალაქო საზოგადოების მანიფესტი

“შეწყდეს კრიტიკული მედიის ბოიკოტი” - მედიის და სამოქალაქო საზოგადოების მანიფესტი
views 542
უკან

მედია და სამოქალაქო საზოგადოება საფრთხისშემცველი მედიაგარემოს შესახებ მანიფესტს აწერს ხელს. 

როგორც მანიფესტში ვკითხულობთ, 2020-2021 წლებში საქართველოში მედიაგარემო ძალიან დამძიმდა. გახშირდა ჟურნალისტებზე სიტყვიერი, თუ ფიზიკური თავდასხმები, რაზეც პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.

"ფორმულას" ინიციატივით მომზადებულ მანიფესტს სხვა კრიტიკული მედიის, მათ შორის ტვ პირველის, კავკასიის, მთავარი არხის და ტვ 25-ის წარმომადგენლები აწერენ ხელს.

"სახელმწიფო არ უზრუნველყოფს ჟურნალისტების უსაფრთხოებას. მმართველი პარტიის მაღალჩინოსნები სიძულვილის ენით, აგრესიით და ბოიკოტით პასუხობენ მედიის კრიტიკულ კითხვებს. სახელმწიფო პროპაგანდის მანქანა კრიტიკულ მედიას პოლიტიკურ ოპონენტებად ნათლავს და მათ მიმართ შეუწყნარებლობას უწყობს ხელს. პოლიტიკურად პოლარიზებულ საზოგადოებაში მედიისადმი ასეთი დამოკიდებულება ახალისებს მორიგ თავდასხმებს. მიმდინარეობს პოლიტიკურად მოტივირებული სამართალწარმოება მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ. მაუწყებლობის მარეგულირებელი ორგანო პოლიტიზებულია და ცენზურის დაწესებას ცდილობს,

ჩვენ, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მოვუწოდებთ გადაწყვეტილების მიმღებ უმაღლესი რანგის პირებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის წევრებს, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს:

უზრუნველყონ ჟურნალისტებზე თავდასხმების სწრაფი გამოძიება და საზოგადოების ინფორმირება

შეწყვიტონ მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ წამოწყებული პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები

შეწყვიტონ აგრესიული რიტორიკა და სიძულვილის წახალისება მედიის წარმომადგენლების მიმართ

შეწყვიტონ კრიტიკული მედიის ბოიკოტი და აღადგინონ მედიასთან საქმიანი ურთიერთობის რეჟიმი

შეწყვიტონ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის გამოყენება პოლიტიკური მიზნით

ვფიქრობთ, ამ მოთხოვნების შესრულება ხელს შეუწყობს საზოგადოებაში პოლარიზაციის შემცირებას, განმუხტავს დაძაბულობას და გააუმჯობესებს მედიაგარემოს", - ვკითხულობთ მანიფესტში.