მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შეხვდა თუ არა დღეს "IDS ბორჯომის" გენერალური დირექტორი ქარხნებში დასაქმებულებს?

6283b41d979f4
ვიქტორია მღებრიშვილი
17.05.22 19:34
1754
IDS ბორჯომი საქართველოს მიერ წარმოების გაჩერების შემდეგ 18 დღე გავიდა. ქარხნების გაჩერების შემდეგ დამსაქმებელსა და დასაქმებულებს შორის ვითარება დაიძაბა, რასაც კომპანიის მხრიდან, წარმოების გაჩერებიდან გამომდინარე შრომითი ხელშეკრულების ახალი პირობების შეთავაზება უძღოდა წინ. ამასთან, კომპანიის განცხადებით, IDS "ბორჯომი საქართველომ" ქარხნებიდან 49 ადამიანი გაათავისუფლა. საწარმოში დასაქმებულები ქარხანასთან პროტესტის გამოხატვას აგრძელებენ და ძველი შეთანხმების პირობების დაბრუნებას ითხოვენ. დასაქმებულთა უფლებების დაცვა კი აგრარულ მეურნეობაში, ვაჭრობასა და მრეწველობაში დასაქმებულთა პროფესიული კავშირმა დაიწყო. ამ დროისთვის დასაქმებულთა პროტესტი ჯანდაცვის სამინისტროს ჩართულობით მედიაციის პროცესშია გადასული.

აგრარულ მეურნეობაში, ვაჭრობასა და მრეწველობაში დასაქმებულთა პროფესიული კავშირის ხელმძღვანელმა დღეს „ბორჯომის“ ქარხანასთან შეკრებილი კომპანიის თანამშრომლების მოთხოვნები კიდევ ერთხელ გააჟღერა და განაცხადა, რომ მათი მოთხოვნის მიხედვით, დღეს "IDS ბორჯომი საქართველოს" გენერალური დირექტორი ივანე მაჭავარიანი დასაქმებულებს უნდა შეხვედროდა.

"დღეს „ბორჯომის“ ქარხანასთან მყოფ დასაქმებულებთან ჩამოვიდა კომპანიის გენერალური დირექტორი ივანე მაჭავარიანი, თუმცა მან მოითხოვა იმ ადამიანებთან შეხვედრა, ვინც კომპანიაშია დასაქმებულია. კომპანიამ უკანონოდ 49 ადამიანი გაათავისუფლა. აქ არიან ადამიანები, ვინც შეთანხმებას იძულებით მოაწერეს ხელი და არიან ადამიანები, ვინც არ მოაწერეს, თუმცა ყველა ერთად დგას და ვითხოვთ შრომითი ხელშეკრულებების ძველი პირობებით დაბრუნებას და ხელფასების მატებას. ისინი ივანე მაჭავარიანთან შესახვედრად მზად არიან თუ ამ შეხვედრას გათავისუფლებული 49 ადამიანი წინ წაუძღვება. ჩვენ მზად ვართ თითოეული უსაფუძვლოდ გათავისუფლებული ადამიანის უფლებებისთვის ვიბრძოლოთ", - განაცხადა გიორგი დიასამიძემ.

შედგა თუ არა შეხვედრა და რა პოზიცია აქვს ამ საკითხებთან მიმართებით დამსაქმებელს, ამის გასარკვევად BM.GE-მ "IDS ბორჯომი საქართველოს" მიმართა. კომპანიაში აცხადებენ, რომ ივანე მაჭავარიანსა და დასაქმებულების ნაწილთან შეხვედრა შედგა, თუმცა შეხვედრის დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებენ.

„კომპანია „აიდიეს ბორჯომი საქართველოს“ გენერალური დირექტორი ივანე მაჭავარიანი N1 და N2 ქარხნის თანამშრომლებს შეხვდა. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ განიხილეს კომპანიაში შექმნილი ვითარება და ისაუბრეს ქარხნის გახსნასთან დაკავშირებულ გეგმებზე“, - ამბობენ კომპანიაში.

BM.GE-მ შეხვედრის დეტალების გარკვევა აგრარულ მეურნეობაში, ვაჭრობასა და მრეწველობაში დასაქმებულთა პროფესიული კავშირის ხელმძღვანელთან სცადა. გიორგი დიასამიძე აცხადებს, რომ ივანე მაჭავარიანი არა ქარხნის მუშებს, არამედ ადმინისტრაციის თანამშრომლებს შეხვდა. 

"რეალურად კომპანიის გენერალური დირექტორი ადმინისტრაციის თანამშრომლებს შეხვდა, ყველა დასაქმებული მუშა, მშრომელი ადამიანი პირველი და მეორე ქარხნიდან, ახალ შეთანხმებაზე ხელის მომწერიც და არმომწერიც გარეთ იდგა და უარი განაცხადა ივანე მაჭავარიანთან შეხვედრაზე 49 უკანონოდ გათავისუფლებული ადამიანის გარეშე. ისინი თანხმდებიან შეხვედრას გენერალურ დირექტორთან ამ ადამიანებთან ერთად", - ამბობს დიასამიძე. 

შეგახსენებთ, რომ დასაქმებულები კომპანიის გენერალური დირექტორის გარდა, შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ითხოვდნენ, რათა ის სასიამოვნო სიახლე გაეგოთ, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილი აანონსებდა.

ცნობისთვის: დღეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ მთავრობა IDS ბორჯომი საქართველოს წარმოების ამოქმედების მიზნით კომპანიის აქციონერებთან, საერთაშორისო მარეგულირებელთან და საფინანსო ინსტიტუტებთან მართავენ მოლაპარაკებებს. ლევან დავითაშვილი იმედოვნებს, რომ რამდენიმე დღეში „ბორჯომის“ ქარხნები ამუშავებას შეძლებენ, თუმცა კონკრეტულ თარიღს არ ასახელებს.