მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"შეზღუდვები, რომლებიც ეტაპობრივად უნდა მოიხსნას, შესაძლოა ხელახლა დაწესდეს, თუ ეს აუცილებელი იქნება"

5ea725833f6e9
BM.GE
27.04.20 22:29
1919
ყველა შეზღუდვა, რომელიც აქამდე მოქმედებდა, ან ჯერ არ დაწესებულა, შესაძლოა ამოქმედდეს კონკრეტულ გეოგრაფიულ პუნქტში, ან ადმინისტრაციულ ერთეულში, ან მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე და ეს იქნება დამოკიდებული ეპიდემიოლოგიურ ვითარებასა ან მის საფრთხეზე. შესაძლოა ციფრები არ იყოს მაღალი, მაგრამ ამან არ უნდა დაგვაიმედოს, სწორედ, ასეთი დინამიკის შენარჩუნების მიზნით ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ყველა რეკომენდაცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრემიერის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ის შეზღუდვები, რომლებიც ეტაპობრივად უნდა მოიხსნას, შესაძლოა ახლიდან დაწესდეს, ან უფრო სწრაფად განხორციელდეს ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად.

„მთავრობის მიერ წარდგენილი შემსუბუქების და ეკონომიკის გახსნის გეგმაში ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ ის შეზღუდვები, რომლებიც ეტაპობრივად უნდა მოიხსნას, შესაძლოა ხელახლა დაწესდეს, თუ ეს აუცილებელი იქნება ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ან უფრო სწრაფად განხორციელდეს, თუ ამის საშუალება გვექნება. ყველა გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე და ზუსტად ეს ნაბიჯები და ეს შემსუბუქებები იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ უზრუნველვყოფთ თითოეული ჩვენგანი იმ რეკომენდაციების დაცვას, რაც აუცილებელია, რომ Covid-19-ის გავრცელება იყოს მინიმუმამდე შემცირებული,“ - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

როგორც პრემიერის მრჩეველმა აღნიშნა, Covid-19-ის გავრცელების პრევენციისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება მობილობის დაწევას და სოციალურ დისტანცირებას.

„ჩვენი მიზანია მობილობის დაწევა და ვცდილობთ, მაქსიმალურად ვუთხრათ საზოგადოებას, რომ მობილობის დაწევა არის, პრაქტიკულად, ერთადერთი გზა, რომელსაც თანამედროვე მსოფლიო იცნობს, ნებისმიერი განვითარებული სახელმწიფოც ამას იყენებს, რომ მაქსიმალურად ნაკლები კონტაქტი იყოს, მაქსიმალურად იყოს დაცული სოციალური დისტანცირება და ერთმანეთის გაფრთხილება, ესაა აუცილებელი მოთხოვნები. კარგად გვესმის, რომ აქ არის ორი ბრძოლა, ერთი - სადაც ვიბრძვით იმისთვის, რომ ჩვენს თანამოქალაქეების შევუნარჩუნოთ სიცოცხლე და თუ მათ Covid 19-ი შეეყარათ , შესაბამისი და ადეკვატური სამედიცინო სერვისები მივაწოდოთ და, მეორეს მხრივ, ქვეყანაში ნელ-ნელა შევძლოთ ეკონომიკური მდგომარეობის დაბრუნება იმ ტრაექტორიაზე, რომელიც Covid 19-მდე გვქონდა, ეს იქნება ამ ყველაფრის ბალანსი და ჩვენ ყველა გადაწყვეტილებას დავაფუძნებთ იმ რეკომენდაციებზე, რომლებსაც მივიღებთ სპეციალისტებისგან,“ - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.