მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შეზღუდვების მიუხედავად ე.წ. ხიშნიკებს მგზავრები რეგიონებში მაინც გადაჰყავთ

6006f5f873bb0
სალომე მეცხვარიშვილი
19.01.21 20:35
3033
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 2020 წლის 28 ნოემბრიდან საქართველოში აკრძალულია მგზავრების საქალაქთაშორისო რეგულარული გადაყვანა, მათ შორის - რკინიგზით, ავტობუსით, სამარშრუტო ტაქსით. მსუბუქ ავტომობილებზე, მათ შორის ტაქსებზე აკრძალვა არ მოქმედებს. შეზღუდვების მიუხედავად დიდუბის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიიდან მგზავრების გადაყვანა მაინც ხდება, თუმცა, მოქალაქეები არა კომპანიებს, არამედ კერძო პირებს, ე.წ ხიშნიკ მძღოლებს გადაჰყავთ; ამისთვის კი მინივენებს და მსუბუქ ავტომობილებს იყენებენ.

დიდუბის ავტოსადგურის ხელმძღვანელი ნესტორ მიქატაძე ამბობს, რომ ეს მათ არათანაბარ პირობებში აყენებთ, ბიუჯეტი კი თანხას კარგავს. მისი თქმით, გამოდის, რომ წესებს ისევ რეგისტრირებული კომპანიები იცავენ, რომლებიც გადასახადებსაც იხდიან, ავტოსადგომის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სიტუაცია კი ქაოტური რჩება.

“მგზავრთა გადაყვანა ფაქტობრივად არ შეჩერებულა, იგივე მოცულობით არა, მაგრამ განახევრებული მასშტაბებით ისევ ხორციელდება. დიდუბის ავტოსადგომის მიმდებარე ტერიტორიიდან მგზავრები გადაჰყავთ მინივენებით, ე.წ. დელიკებით, მსუბუქი მანქანებით და ა.შ. თან გაორმაგებული და გასამმაგებული ფასებით...

ამით ზარალდება უპირველეს ყოვლისა სახელმწიფო, რადგან ეს არის არარეგისტრირებული, არაკანონიერი მგზავრთა გადაყვანა. საქმიანობა მთლიანად ამოვარდნილია კონტროლიდან და მისგან მიღებული შემოსავალი არ იბეგრება. ამასთან, ზარალდებიან ავტოსადგურები. თუ შეიძლება მგზავრთა გადაყვანა, ჩვენ მოგვცენ ამის უფლება, დავაწესებთ კონტროლს, შევასრულებთ მთავრობის მიერ დაწესებულ მოთხოვნებს და უსაფრთხოდ გადავიყვანთ მგზავრებს”,- აცხადებს ნესტორ მიქატაძე.