მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შიდა ბაზარზე სუნელების რეალიზაცია 65%-ით შემცირდა - Waime Spices-ის პრობლემები

5ed382d60c858
ვიქტორია მღებრიშვილი
31.05.20 14:20
1423
Waime Spices-ის წარმოებული პროდქციის 30% ადგილობრივ - ქართულ ბაზარზე რეალიზდება, 70% კი ექსპორტზე გადის. როგორც კომპანიის დამფუძნებელი გიორგი გოგია BM.GE-სთან საუბრისას განმარტავს, პანდემიის პერიოდში შექმნილი გამოწვევების გამო, კომპანიამ წარმოება დროებით შეაჩერა და შეძლებისთანავე აღადგინა.

გიორგი გოგიას თქმით, რეალიზაციის კუთხით პრობლემები, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის საზღვრებს გარეთ გაჩნდა, თუმცა თვისობრივად ისინი განსხვავებული იყო. ადგილობრივი ბაზრის შემთხვევაში მოთხოვნა მკვეთრად დაეცა, ექპორტის შემთხვევაში კი გაიზარდა, თუმცა გადაზიდვების მხრივ პრობლემები შეიქმნა, რომლებიც ახლაც აქტუალურია.

„პანდემიამ ჩვენზე, როგორც ყველაზე, უარყოფითად იმოქმედა. პირველ რიგში, შიდა ბაზარზე სუნელების რეალიზაცია 65%-ით შემცირდა. პირველ მიზეზად ტურისტების შემცირებას დავასახელებდი, რადგან უცხოელებში ჩვენ პროდუქციაზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალი იყო და ამან გავლენა მოახდინა ჩვენზე. მეორე კი პანდემიასთან ბრძოლისას მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვები იყო, რომელმაც ფაქტობრივად სრულად შეგვიზღუდა პროდუქციის დისტრიბუციის შესაძლებლობა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პროდუქცია მაღაზიებში იყიდებოდა და მათი მხრიდან შეკვეთები იყო, ვერ ვახორციელებდით დისტრიბუციას, რამაც შეამცირა ჩვენი გაყიდვები. ჩვენ ვცდილობდით საშვის მიღებას, თუმცა ცხელ ხაზზე დაკავშირების შემდეგაც ვერ შევძელით ამ პრობლემის მოგვარება.

ადგილობრივ ბაზარზე შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, რეალიზაციის მაჩვენებლები გაიზარდა, მაგრამ ვერ ვეტყვით, რომ ეს წინა წლის შედეგებს უტოლდება“, - განმარტავს გიორგი გოგია.

კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, რომ შიდა მოხმარების კლება პირველ პერიოდში მეტ-ნაკლებად ექსპორტის ხარჯზე დაბალანსდა, თუმცა ამ მიმართულებით არსებული პრობლემები დღესაც აწუხებთ.

„ექსპორტის მიმართულებით გარკვეული სახის პრობლემები, გადაზიდვების კუთხით შეგვექმნა, კერძოდ კი ჩვენი პროდუქციის მოცულობის სიმცირიდან გამომდინარე, ვერ ვახდენდით ტრანსპორტირებას სახმელეთო გზით, რადგან ის არ უნდა ყოფილიყო ერთ პალეტზე ნაკლები. პალეტის ღირებულება 300 ევროა, ხოლო ნაკლები მოცულობის გატანის შემთხვევაში ჩვენი გვეზრდებოდა ღირებულება. პანდემიამდე ავიაგადაზიდვებით ვსარგებლობდით, პანდემიის შემდეგ კი ავიამიმოსვლის ჩაკეტვამ მხოლოდ სატვირთო რეისების განხორციელება გახადა შესაძლებელი. გაიზარდა ავიაგადაზიდვების ღირებულება და გაჩნდა წინასწარი დაჯავშნის მოთხოვნა, რამაც გაართულა საქმე.

2020 წელი ექსპორტის მიმართულებით ძალიან აქტიურად დავიწყეთ, ჩვენი წლიური პირველი პარტია ჩეხეთში გავუშვით. ჩვენ დღესაც გვაქვს მოთხოვნა ჩეხეთიდან, თუმცა ვერ ვახერხებთ გაგზავნას, ამ სირთულეების გამო. ხოლო როდესაც აღდგება ავიამიმოსვლები, ჩვენი ძველი პირობების შემთხვევაში უპრობლემოდ შევძლებთ მოთხოვნის დაკმაყოფილებას“, - ამბობს „Waime Spices”-ის დამფუძნებელი.

მისივე თქმით, მარტ-აპრილში წარმოებების გაჩერების მიუხედავად, კომპანიამ შეძლო თანამშრომელთა შენარჩუნება, წარმოების კვლავ ამოქმედება და მათთვის რეკორდული - 645 კგ სუნელის ექსპორტზე გატანა.