მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შიდა ფრენებზე მომუშავე ავიაკომპანია Vanilla Sky: მიუღებელმა შემოსავალმა 1 მლნ ლარი შეადგინა

5efdcc345e55b
ვიქტორია მღებრიშვილი
03.07.20 09:00
1048
პანდემიის პერიოდში მიუღებელმა შემოსავალმა 1 მლნ ლარი შეადგინა - განუცხადა BM.GE-ს Vanilla Sky-ს დირექტორმა ამირან მანჯავიძემ. Vanilla Sky ავიაკომპანიაა, რომელიც შიდა ფრენებს ახორციელებს ნატახტარის, მესტიის, ამბროლაურისა და ბათუმის აეროპორტებში. ფრენები კორონავირუსის გამო შეჩერებულია. 

კომპანიის ხელმძღვანელმა ავიაკომპანიის მართვის სპეციფიკაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ეს პერიოდი კომპანიისთვის და მისი თანამშრომლებისთვის მძიმე აღმოჩნდა.

„მიუღებელმა შემოსავალმა ამ პერიოდში მილიონი ლარი შეადგინა. ახლა გაჩერებული ვართ და რაღაც წვრილმანი ჩარტერების დაკვეთა თუ გვაქვს უცხოეთიდან, ამ დაკვეთებს ვასრულებთ.

70 თანამშრომელი გვყავს დასაქმებული, რომლებსაც ხელფასს ვერ ვუხდით. შვებულებაში ვერ ვუშვებთ, იმიტომ რომ ავიაციის გაჩერება არაფრით არ შეიძლება, იმიტომ, რომ ინჟინრები უნდა იყვენენ ადგილზე იმისთვის, რომ თვითმფრინავი ტექნიკურად იყოს გამართული, თუნდაც არ ვახორციელებდეთ ფრენებს. ჩვენთან დასაქმებულთა უნარ-ჩვევები სხვა არის. დამლაგებლებიც სპეციალისტები არიან, რადგან მათ უნდა იცოდნენ, როგორ უნდა მოიქცნენ აეროპორტში. ყველა დასაქმებულს განსაკუთრებული ტრენინგები აქვს ჩატარებული...“, - აცხადებს ამირან მანჯავიძე.

მისი თქმით, პანდემიამდე შიდა ფრენებზე დიდი მოთხოვნა იყო, როგორც უცხოელი ვიზიტორებისგან, ისე ადგილობრივებისგან. ეს მოთხოვნა საქართველოს მოქალაქეების მხრიდან დღესაც არის, თუმცა ავიაკომპანია შიდა ფრენების შესრულებას დღემდე ვერ ახერხებს.

„უცხოელი ვიზიტორების და ადგილობრივების დატვირთვა დაახლოებით 50/50-ზე იყო. მაგალითისთვის, ბათუმში მგზავრთა 70%-ს ქართველები შეადგენდნენ, ამბროლაურზეც იგივე მდგომარეობა იყო, ხოლო მესტიის მიმართულებით ჩვენი ფრენებით უფრო მეტი უცხოელი სარგებლობდა. თუმცა, ყოველთვის იყო ისეთი მდგომარეობა, რომ არ გვყოფნიდა ფრენების რაოდენობა და იჩაგრებოდნენ ქართველი მომხმარებლები, თორემ მესტიაზე მოთხოვნა ადგილობრივებშიც დიდი იყო.

დღესაც მოსახლეობის მხრიდან არის ძალიან დიდი მოთხოვნა და ვერ ავუდივართ ზარებს და ზოგი ვერ ხვდება, რომ ფრენების აღდგენა ჩვენზე არ არის დამოკიდებული და გადაწყვეტილება მთავრობაში უნდა მიიღონ“, - განმარტავს Vanilla Sky-ის დირექტორი.

მისი თქმით, მან ფრენების აღდგენის თხოვნით საქართველოს პრემიერსა და ეკონომიკის მინისტრს მიმართა და მათგან რეაგირებას ელის.