მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შიდა რეისები უახლოეს დღეებში აღდგება - მთავრობის გადაწყვეტილება

5f02f93a8c79f
შოთა ტყეშელაშვილი
06.07.20 14:19
1758
მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანხმად, ქვეყანაში შიდა საავიაციო მიმოსვლა უახლოეს დღეებში აღდგება. ამასთანავე, დღესვე ცნობილი გახდა იმ ფრენების განრიგიც, რომლითაც ევროპიდან საქართველოს მოქალაქეების დაბრუნებისთვის სპეციალური რეისები დაინიშნა, ამ ფრენებს Wizz Air-ი და Myway შეასრულებენ. 

"უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე შეთანხმდა ავიარეისების განრიგი, რომელსაც საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ორგანიზებულად დასაბრუნებლად, ივლისის განმავლობაში, ავიაკომპანიები - Wizz air-ი და Myway Airlines-ი შეასრულებენ.

აღნიშნულ რეისებზე ბილეთის ფასი საქართველოს მოქალაქეებისთვის არ იქნება 200 ევროზე მეტი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეებისთვის კვლავ სავალდებულოა 14-დღიანი საკარანტინო პროცედურის გავლა.

მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა საქართველო 15 უსაფრთხო ქვეყნის სიაში შეიყვანა და გასცა რეკომენდაცია მათთვის საზღვრების გახსნის შესახებ, მთავრობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, საზღვრების გახსნის თაობაზე, ინდივიდუალურად, ორმხრივ მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამჟამად, რიგ ქვეყნებთან, რომლებმაც უკვე გამოთქვეს საზღვრების გახსნის მზაობა, დეტალურად თანხმდება ყველა ის პროცედურა, რომელთა გავლა მოქალაქეებს მგზავრობის შემთხვევაში ორმხრივად მოეთხოვებათ.

შიდა ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, უახლოეს დღეებში აღდგება შიდა ავიარეისები," - ნათქვამია უწყების განცხადებაში. 

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 953 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 830 პირი უკვე გამოჯანმრთელდა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე. გარდაცვლილია 15 ადამიანი.

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 3903 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 202 პირი.