მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შიდა ტურიზმს არანაირი მასიური და დიდი კონტრიბუცია არ აქვს - კახა სამყურაშვილი

5f64ca9996144
ვიქტორია მღებრიშვილი
19.09.20 11:44
1240
2020 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, იანვარ-ივნისში შიდა ვიზიტების რაოდენობა 22.5%-ით შემცირდა და 5.1 მლნ შეადგინა, ხოლო ადგილობრივი ვიზიტორების მიერ გაწეულის ხარჯების მოცულობა 10.2%-ით შემცირდა და 649 მლნ ლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ პანდემიის გამო ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე 24 მარტიდან 8 ივნისამდე საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული იყო, რამაც ადგილობრივი ტურიზმის შემცირება მნიშვნელოვნად განაპირობა.

BM.GE-ი დაინტერესდა შეძლებს თუ არა ივნისში გააქტიურებული შიდა ტურიზმი იმ დანაკლისის კომპენსირებას, რომელიც ქვეყანას ამ მიმართულებით 2020 წლის პირველ ნახევარში მიადგა და ამ კითხვებით საკონსულტაციო კომპანია Galt & Taggart-ის უფროსს ანალიტიკოს მიმართა.

„შიდა ტურიზმის სტატისტიკა ლოგიკურია, რადგან 2020 წლის მეორე კვარტალში ქვეყანა ჩაკეტილი იყო, მიმოსვლა რეგიონებს შორის შეფერხებული იყო და რეალურად შიდა ტურიზმი ივნისის ბოლო, ივლისის დასაწყისიდან ამუშავდა. მესამე კვარტალში ცალსახად მნიშვნელოვანი ზრდა გვექნება, იმიტომ, რომ რაღაც დონით შიდა ტურიზმმა დააკომპენსირა საგარეო ტურიზმი. ეს არ იყო საერთაშორისო ტურიზმის შემცვლელი, თუმცა მცირედ შეამსუბუქა ტურიზმის სექტორის მდგომარეობა ამ პერიოდში.

ივლისსა და აგვისტოში, დარწმუნებული ვარ, რომ შიდა ტურიზმის მიმართულებით ზრდა გვექნება, რასაც ვერ ვიტყვი სექტემბერზე, ვინაიდან ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ამ პერიოდში გაუარესდა. ზოგადად, შიდა ტურიზმს საერთაშორისოსთან შედარებით, არანაირი მასიური და დიდი კონტრიბუცია არ აქვს, ეს არის უფრო უსაფრთხოების ბალიში სექტორისთვის, მანამდე სანამ საზღვრები გაიხსნება და ფრენები აღდგება.

ამასთან, ის ამსუბუქებს მდგომარეობას გარკვეულ რეგიონებში, თუმცა არა თბილისსა და რამდენიმე რეგიონში, სადაც ტურიზმი სრულად გაჩერებულია. რთულია იმაზე საუბარი, რომ შიდა ტურიზმი შემსუბუქებას მოუტანს ქვეყანას, თუმცა ნაწილობრივ შეამსუბუქებს მდგომარეობას“, - განაცხადა კახა სამყურაშვილმა.