მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი კოვზანაძე უმრავლესობის დეპუტატების კანონპროექტის შეფასებისგან თავს იკავებს

63e37db5524a3
BM.GE
08.02.23 14:42
844
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე საპარლამენტოს უმრავლესობის ხუთი დეპუტატის (პაატა კვიჟინაძე, ირაკლი ზარქუა, გოგი მეშველიანი, რიმა ბერაძე და ანტონ ობოლაშვილი) ინიციატივით და ავტორობით მომზადებულ კანონპროექტთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.

საქმე ეხება საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს, რომლის თანახმად, საქართველოს ეროვნულ ბანკში უნდა დაემატოს პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა, რომელსაც მსგავსად დანარჩენი ვიცე-პრეზიდენტებისა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წარდგინებით, თანამდებობაზე დანიშნავს და გაათავისუფლებს ეროვნული ბანკის საბჭო.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე საკანონმდებლო ინიციატივას ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან კრიტიკული კითხვები მოჰყვა. გარდა ამისა, „ოცნების“ დეპუტატების მიერ მომზადებული კანონპროექტის მიმართ საკმაოდ შენიშვნები ჰქონდა ეროვნულ ბანკსაც. შედეგად, საკანონმდებლო ინიციატივას კენჭი უყარეს, მაგრამ იმ დათქმით, რომ დამატებით ახალი - პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტი არ გაჩნდება და სებ-ის პრეზიდენტი არსებული სამი ვიცე-პრეზიდენტიდან (არჩილ მესტვირიშვილი, პაპუნა ლეჟავა და ნიკოლოზ გაგუა) ერთ-ერთს პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე დანიშნავს.

აღსანიშნია, რომ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელმა ირაკლი კოვზანაძემ არც დაწყებისას და არც სხდომის შემდეგ, ამ კანონპროექტთან დაკავშირებით არც კითხვა დასვა და არც შეაფასა; ის მხოლოდ პროცედურის აღწერით შემოიფარგლა.

- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს აღნიშნული კანონ-პროექტის განხილვა ბიუროს სხდომაზე დაგვევალა. კანონპროექტს ჰყავს თავისი ავტორები. დღეს მათ მოვუსმინეთ. ასევე ორგანიზება გავუკეთე, რომ დღეს აქ თავისი პოზიციით ეროვნული ბანკი ყოფილიყო წარმოდგენილი; აქ იყო საბანკო ასოციაციაც. ყველა მხარე იყო წარმოდგენილი... ვისაც ჰქონდა სურვილი, ყველას არგუმენტი მოვისმინეთ. გარკვეული პოზიციების შეჯერება ხდება... ჩემი ამოცანა იყო, რომ ყველას ჰქონოდა შესაძლებლობა, დაეფიქსირებინა თავისი პოზიცია.

- კომიტეტის სხდომის შემდეგ, თქვენ ყოველთვის ამბობთ დასკვნით სიტყვას, დღეს რატომ არ თქვით არაფერი?

- კანონპროექტს ჰყავს თავისი ავტორები.