მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შოკის შედეგად, სიღარიბე სოფლად უფრო მეტად გაიზრდება, ვიდრე ქალაქად – UNICEF-ის ანგარიში

5f3f954078ffd
თამთა ჯიჯავაძე
21.08.20 15:30
1088
კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული შოკის შედეგად, სიღარიბე სოფლად უფრო მეტად გაიზრდება, ვიდრე ქალაქად, ხოლო უთანასწორობა ურბანულ დასახლებებს მეტად შეეხება. ამის შესახებ საუბარია გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ მოსახლეობის და ბავშვთა სიღარიბეზე კორონავირუსის პანდემიის ზეგავლენის დასადგენი მიკრო სიმულაციის მოდელის ანგარიშში, რომლის პრეზენტაციაც დღეს გაიმართა.

ანგარიშში წარმოდგენილი სიმულაციური მოდელის შედეგების მიხედვით, მოსალოდნელია, რომ პანდემიის შედეგად შინამეურნეობების ყოველთვიური შემოსავლების სხვადასხვა სცენარით შემცირება გამოიწვევს სიღარიბის სხვადასხვა დონით გაზრდას, თუმცა ფულადი დახმარებების შედეგად შესაძლებელი ხდება, როგორც სიღარიბის მაჩვენებლების ზრდის ტემპის შენელება, ასევე სიღარიბის მაჩვენებლების საბაზისო დონესთან შედარებით შემცირება.

ასევე, კვლევის სხვა მიგნებებია:

• კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული შოკის შედეგად, მოსალოდნელია მოსახლეობის სიღარიბის დონის (166 ლარი თვეში ზრდასრულ პირზე) გაზრდა 21.7-დან 24 პროცენტამდე დაბალი შოკის შემთხვევაში, 26 პროცენტამდე - საშუალო შოკის შემთხვევაში, ხოლო 30.9 პროცენტამდე - ძლიერი შოკის შემთხვევაში.
• მოსალოდნელია, რომ ბავშვთა სიღარიბე საბაზისო 27.6 პროცენტიდან დაბალი შოკის შემთხვევაში გაიზრდება 30.8 პროცენტამდე, საშუალო შოკის შემთხვევაში - 32.7 პროცენტამდე, ხოლო 37.8 პროცენტამდე - ძლიერი შოკის შემთხვევაში.
• მოხმარება ყველაზე მეტად შემცირდება კორონავირუსის პანდემიის წინაშე ყველაზე დაუცველ შინამეურნეობებში, რომლებსაც ისედაც მწირი დანახარჯები აქვთ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობასთან პარტნიორობით, გაეროს ბავშვთა ფონდმა შეიმუშავა სიღარიბეზე კორონავირუსის პანდემიის ზეგავლენის დასადგენი მიკრო სიმულაციის მოდელი. ანგარიშში წარმოდგენილია საქართველოში მოსახლეობისა და კონკრეტულად, ბავშვთა სიღარიბეზე კორონავირუსის ზეგავლენის (შრომის ბაზარზე ზემოქმედების შედეგად) წინასწარი გაანგარიშება.