მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შრომის ინსპექცია იკვლევს, რატომ არ გაიცა სამედიცინო პერსონალზე გამოყოფილი ფინანსები - ღუდუშაური

626c1c0aac34b
BM.GE
29.04.22 21:16
948
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ილია ღუდუშაურის განცხადებით, კონკრეტულმა კლინიკებმა, კოვიდპანდემიის მართვისას, თანხები მიზნობრივად არ გაანაწილეს და სამედიცინო პერსონალის მიმართ დავალიანებები ფიქსირდება.

მინისტრის მოადგილის მოსაზრებით აღნიშნული კლინიკები არსებულ დავალიანებებს სრულად დაფარავენ.

„კოვიდპანდემიის მართვისთვის, სახელმწიფომ, 2 წლის განმავლობაში, ყველა სახის მომსახურებისთვის, ჯამში, 1 მილიარდი ლარი დახარჯა. ეს განკუთვნილი იყო: მედპერსონალის წახალისებისა და მათი დანამატებისთვის, პაციენტების მკურნალობის ასანაზღაურებლად და იმ დარეზერვებული საწოლების ხარჯების დასაფარად, რომლებიც ყველა ჰოსპიტალს თუ კლინიკას მზად უნდა ჰქონოდა, კოვიდინფიცირებული პაციენტების მისაღებად. ამ 1 მილიარდი ლარიდან, დაახლოებით, 120 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი მედპერსონალის დანამატებისთვის.

სამწუხაროდ, მართლაც დასტურდება ისეთი შემთხვევები, როდესაც კონკრეტულმა კლინიკებმა, კოვიდპანდემიის მართვისას, თანხები მიზნობრივად არ გაანაწილეს. ხშირ შემთხვევაში არის სამედიცინო პერსონალის მიმართ დავალიანებები.

შრომის ინსპექცია ახორციელებს მოკვლევას, რა მიზეზით არ გაიცა ფინანსები მიზნობრივად, იმის მიუხედავად, რომ სახელმწიფოს მხრიდან, ჩარიცხული იყო ეს თანხები.

ამ საკითხზე, ჩვენი მხრიდან მკაცრი რეაგირება იქნება. აუცილებლად უზრუნველვყოფთ, რომ ყველა ბენეფიციარმა მიიღოს დავალიანება. მონიტორინგი და მოლაპარაკებები ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს და ვფიქრობთ, კლინიკები, საბოლოოდ, სრულად დაფარავენ არსებულ დავალიანებებს“, - განაცხადა ილია ღუდუშაურმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში.