მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შრომის ინსპექციამ 70-მდე კომპანიაში შეამოწმა, ხდება თუ არა დასაქმებულების სამუშაო საათების აღწერა

609e7ac3705a6
ვიქტორია მღებრიშვილი
14.05.21 18:50
9191
შრომის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე თვლის, რომ სამუშაო დროის აღრიცხვის წარმოება ბიზნესისთვის დამატებით ბიუროკრატიულ მექანიზმს არ წარმოადგენს და მისი კიდევ ერთხელ გადავადება საჭირო არ არის.

როგორც ბექა ფერაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, კერძო სექტორი სამუშაო დროის აღრიცხვის წესის ამოქმედებამდე დეტალებზე ინფორმირებული იყო.

„გადავადებაზე, აქტიური კომუნიკაცია გვქონდა ბიზნესთან სანამ ამ წესს მივიღებდით. წესის ამოქმედება 1 იანვარს იყო დაგეგმილი და 1 მარტს ამოქმედდა; ეს დრო ბიზნესთან დისკუსიას დაეთმო და ვფიქრობ, რომ შეჯერებული ვართ ყველა არსებულ მექანიზმზე. არ ვფიქრობ, რომ მათ დამატებითი ბიუროკრატიული მექანიზმები ექმნებათ, ან დამატებითი ძალისხმევაა საჭირო კომპანიის მხრიდან ტაბელის საწარმოებლად, რომელიც როგორც ელექტრონულად, ასევე მატერიალურად შეიძლება იწარმოოს და მიზანი თითოეული დასაქმებულის უფლების რეალიზება და ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურებაა“, - განაცხადა ბექა ფერაძემ.

მისი ინფორმაციით, ტაბელის წარმოებაზე დღეისთვის უკვე 70-მდე კომპანია შემოწმდა და რამდენიმე მათგანი დაჯარიმდა.

"ზედამხედველობის განხორციელებისას დღეისთვის, დაახლოებით, 70-მდე ობიექტი შემოწმდა, რამდენიმე მათგანს ხარვეზები ჰქონდა და პირველ ეტაპზე გაფრთხილების მექანიზმი გამოვიყენეთ. ვუთხარით, რომ ეს სავალდებულო წესია და უნდა დაიწყონ დროის აღრიცხვა. გადამოწმების შედეგად, რამდენიმე კომპანიაში ხარვეზები აღმოვაჩინეთ და ჯარიმის მექანიზმი გამოვიყენეთ, რაც კომპანიის ბრუნვიდან გამომდინარე, თითო დარღვევის შემთხვევაში 200-დან 1000 ლარამდე მერყეობს,რომელიც კუმულაციურად შეიძლება საკმაოდ მაღალი იყოს, ხოლო გრძელვადიან პერიოდში თუ კომპანია არ ითვალისწინებს მითითებებს, ეს შეიძლება მისთვის საქმიანობის შეჩერების საფუძველიც გახდეს“, - განაცხადა ფერაძემ.