მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შრომის ინსპექციამ ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ობიექტზე სამუშაო პროცესი შეაჩერა

5d9d80d3f1a79
BM.GE
09.10.19 10:35
1669
შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ობიექტზე სამუშაო პროცესი შეაჩერა და კომპანია 50 000 ლარით დააჯარიმა.

შრომის ინსპექციის ამ გადაწყვეტილების წინაპირობა, ქვიშხეთი-ზვარეს დამაკავშირებელი გვირაბის გაყვანითი სამუშაოებისას მომხდარი უბედური შემთხვევაა, რასაც ერთი დასაქმებულის გარდაცვალება მოჰყვა. ამ მონაკვეთზე სამუშაოებს სწორედ საქართველოში ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს მუდმივმოქმედი ფილიალი აწარმოებს.

"შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა მოახდინა მყისიერი რეაგირება და დაიწყო უბედური შემთხვევის მოკვლევის პროცედურები. მოკვლევის შედეგად შრომის ინსპექციამ გამოავლინა უსაფრთხოების წესების დარღვევა, კერძოდ, სამუშაოს წარმოებისას გამოიყენებოდა დაზიანებული, ამორტიზებული, ტექნიკურად გაუმართავი მძიმე ტექნიკა, სამშენებლო მოედანზე უსაფრთხოების წესების უგულვებელყოფა, საფრთხეების არასწორი/არასრულყოფილი იდენტიფიცირება და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ შრომის ინსპექციის მიერ, მიმდინარე წელს არაერთგზის განხორციელდა ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს მუდმივმოქმედი ფილიალის ობიექტების ინსპექტირება, რის საფუძველზეც კომპანის მიმართ გამოყენებულ იქნა სხვადასხვა ტიპის ადმინისტრაციული სახდელი, მიუხედავად ამისა, აღნიშნულ კომპანიაში კვლავ გამოწვევად რჩება შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დამკვიდრება.

გამომდინარე აქედან, უბედური შემთხვევის მოკვლევის, ინსპექტირების განხორციელებისა და ანალიზის საფუძველზე, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, აღნიშნულ ობიექტზე ადმინისტრაციული სახდელის სახით გამოყენებულ იქნას სამუშაო პროცესის შეჩერება და ჯარიმა - 50 000 ლარის ოდენობით.

შრომის ინსპექცია მოუწოდებს ყველა დამსაქმებელს, მოხდეს შრომის უსაფრთხოების კანონით გათვალისწინებული ნორმების დაცვა სამუშაო ადგილებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში შრომის ინსპექცია გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს, რათა მოხდეს ადამიანის ფუნდამენტური უფლების- უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა", – ნათქვამია შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.