მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„შრომის ინსპექციასთან განვიხილავთ, როგორ შეიძლება „ტაბელების“ წარმოების პროცესი შეიცვალოს“ - ბიზნეს ასოციაცია

634969c5329b1
ლიკა მეგუთნიშვილი
14.10.22 21:00
993
“აქტიური კომუნიკაცია გვაქვს ჯანდაცვის სამინისტროსთან, შრომის ინსპექციასთნ, გავაცანით პრობლემები, რაც ტაბელების წარმოების პროცესს თან ახლავს და მათი გადაჭრის გზები შევთავაზეთ”, - ამის შესახებ BMG-სთან ბიზნეს ასოციაციის იურიდიულმა დირექტორმა ნიკა ნანუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, კომპანიებისთვის სამუშაო საათების აღრიცხვის ფორმა უნდა გამარტივდეს, გახდეს ნაკლებად ბიუროკრატიული და ამასთანავე, გაიმართოს ის ელექტრონული სისტემა, სადაც მონაცემების ასახვა ხდება.

“სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმა არის საკმაოდ დიდი და მოცულობითი. ყოველდღიურად დაახლოებით 30 გრაფამდე არის შესავსები და რაც ყველაზე მთავარია, ამ ფორმაში ელექტრონული სისტემით მონაცემების ავტომატიზირებული გენერირება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. აუცილებელია, ეს ფორმა დავიწროვდეს და მასში მხოლოდ მცირე მონაცემები შედიოდეს, რაც დაკავშრებულია ყოველდღიური ან ყოველკვირეული სამუშაო დროის აღრიცხვასთან” , - აცხადებს ნანუაშვილი.

ბიზნეს ასოციაციის იურიდიული დირექტორი ფიქრობს, რომ ასევე მნიშნელოვანია, სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე გამოიყოს ის გამონაკლისები, სადაც რეგულაციის შესრულება შეუძლებელია.

“ე.წ. “ტაბელების” წარმოების პროცესში უნდა გამოირიცხოს ისეთი მონაცემების აღრიცხვა, რაც პრაქტიკულად შეუძლებელია. მაგალითად, თანამშრომლის დისტანციურად ნამუშევარი დროის აღრიცხვა წარმოუდგენელია, ასევეა ჟურნალისტების სამუშაო პროცესიც, დისტრიბუტორების, ფრილანსერების და სხვა. ყველა ამ პრობლემიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ შრომის ინსპექციასთან კომუნიკაციას შედეგი ექნება და რეგულაციის მოქმედი ფორმა უახლოეს მომავალში შეიცვლება” , -აცხადებს ბიზნეს ასოციაციის იურიდიული დირექტორი, ნიკა ნანუაშვილი.

შეგახსენებთ, შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა, ბექა ფერაძემ BMG-სთან გასულ კვირას განაცხადა, რომ სამუშაო დროის აღრიცხვის პროცესთან დაკავშირებით ცვლილებებზე მუშაობა მიმდინარეობს და მასში დაინტერესებული ბიზნეს ასოციაციებიც არიან ჩართული, თუმცა, რა სახის ცვლილებებია მოსალოდნელი შრომის ინსპექტორს არ დაუსახელებია.

https://bm.ge/ka/article/ew-tabelebis-warmoebis-processhi-shesadzloa-cvlilebebi-shevides/117949/