მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შრომის ინსპექციის ახალ მანდატში ექსპერტები კორუფციის რისკებს ხედავენ

5ffaedf5b44bc
ვიქტორია მღებრიშვილი
10.01.21 17:00
1248
2021 წლის 1 იანვრიდან შრომის ინსპექციის უფლებამოსილება გაფართოვდა. შრომის კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად, ინსპექციას კომპანიებში გაფრთხილების გარეშე შესვლა შეეძლება. თუკი აქამდე შრომის ინსპექციის შემოწმებები, ძირითადად, შრომის უსაფრთხოების საკითხებს უკავშირდებოდა, ახალი წესების თანახმად, შრომის ინსპექცია შრომით უფლებებსაც გააკონტროლებს.

ასოციაცია „ბიზნეს საქართველოს“ პრეზიდენტი და შრომის სამართლისა და შრომის უსაფრთხოების ექსპერტი მიხეილ კორძახია BM.GE-სთან საუბრისას შრომის ინსპექციის მანდატის გაფართოვებას უარყოფითად აფასებს. ამბობს, რომ არსებობს კორუფციის რისკები და ამასთან ამ მექანიზმის აღსრულებისთვის არც ბიზნესი და არც თავად ინსპექცია ჯერ მზად არ არის. 

"ეს საკითხი ისეა გაპიარებული, რომ ეს დამსაქმებლების საკეთილდღეოდ კეთდება, მაგრამ პრაქტიკაში საკმაოდ პესიმისტური პროგნოზი შეიძლება გავაკეთოთ.ვფიქრობ, რომ შრომის ინსპექციის გაზრდილი მანდატი არ იმუშავებს, უკეთეს შემთხვევაში ეს იმუშავებს 10%-სთვის, დანარჩენ შემთხვევაში უარესს სურათს მივიღებთ, რაშიც მათ შორის კორუფციულ რისკებს ვგულისხმობთ. ამასთან მექანიზმის აღსრულებისთვის არც დამსაქმებლის და არც დასაქმებულის მხრიდან მზაობა არ არის. მაგალითად ზეგანაკვეთურ საათებთან დაკავშირებით - დასაქმებულის ინტერესია, რომ ბევრი იმუშაოს და ბევრი აიღოს, დამსაქმებლის ინტერესი კი არის, რომ ბევრი ამუშაოს და მისცეს იგივე. ამიტომ ამ ფორმულის შეცვლა და დანგრევა საკმაოდ რთული იქნება, იქიდან გამომდინარე, რომ რეალურად უნდა ეკონომიკა გაატრიალო. სურათის შეცვლა მხოლოდ სურვილებით და ოცნებებით არ ხდება“, - ამბობს მიხეილ კორძახია.

დარგის სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული შრომის უსაფრთოხოების ნორმების დაკმაყოფილება სხვა უფრო რაციონალური მიდგომებითაც შეიძლება, თუმცა ეს დროში გეგმაზომიერად უნდა ყოფილიყო გაწერილი, რადგან ვალდებულებები ამ მხრივ 2023 წლამდე უნდა შესრულდეს. შესაბამისად, შრომის ინსპექციის გაფართოებული მანდატი ნაჩქარევი გადაწყვეტილებაა.

„თუ კი იმას ავიღებთ, რომ ქვეყანას ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე ვალდებულბები აქვს აღებული ამ მიმართულებით, ცვლილებების განხორციელების საჭიროება დგას. პრაქტიკაშიც ამის საჭიროება ყოველთვის არის, თუმცა მე უფრო სხვანაირად შევხედავდი. იმის საჭიროება უფრო იყო, რომ სასამართლო სისტემის და შრომის სამართლის გაძლიერება მომხდარიყო, ვიდრე ასეთი მშრალი და მხოლოდ ინსპექციას დაქვემდებარებული მექანიზმების შექმნილიყო, რომელშიც კორუფციის დიდი რისკები არსებობს.

ასოცირების ხელშეკრულების დადებისთანავე, 2014 წელსვე უნდა დაფიქრებულიყო ხელისუფლება ლოგიკურად რა უნდა ჩაედოთ შრომის უსაფრხოების მიმართულებით და მეორეა ის, რომ ახლა ცოტა რაციონაურად უნდა გადაწყვეტილიყო ეს საკითხი. სამწუხაროდ ეს რაციონალიზმი ამ გადაწყვტილებებში არ ჩანს. ეს უფრო მარტივი გამოსავალი, ხელის დაბანის პოლიტიკაა. კარგები გამოჩნდნენ ევროკავშირთან და მარტივი იყო, რომ ერთი ხელის აწევით რაღაცეები დაედგინათ, რომელიც არ იმუშავებს და რომელიც დაბრალდება ვიღაცას, ოღონდ არა მათ“, - განაცხადა შრომის უსაფრთხოების ექსპერტმა.

მიხეილ კორძახია ამბობს, რომ დღეს შრომის ინსპექციას გაფართოდებული უფლებები აღსრულებისთვის არანაირი რესურსი არ აქვს, რაც კიდევ ერთხელ ამყარებს იმ აზრს, რომ მონიტორინგისა და ინსპექტირების მექანიზმი კომპანიების ნაწილზე გავრცელდება.

„შრომის ინსპექციას არც ადამიანური და არც ფინანსური რესურსი არ აქვს, არ ვიცი ამ კუთხით მათ ბიუჯეტში რამდენად რადიკალური ცვლილებები შეიძლება შეიტანონ, ამიტომ აქაც ჩანს ასეთი მომენტი, რომ ვიღაცისთვის ეს შემოწმება შესრულდება, ხოლო რიგი კომპენიებისთვის არა. ხოლო რატომ შესრულდა ამა თუ იმ კომპანიააში შემოწმება და რატომ არა - სხვაგან ამის გამოკვლევის და გამჭირვალეობის არანაირი მექნიზმი არ არსებობს. რაც ვერანაირ შედეგს ვერ მოგვცემს, რომ გავარკვიოთ მტყუან მართალი“, - უთხრა BM.GE-ის მიხეილ კორძახიამ და დასძინა: „მანდატის გაფართოებას, სკეპტიკურად არა იდეურ, არამედ იმ ეკონომიკურ მოცემულობის დონეზე ვუყურებ, რომელიც დღეს ქვეყნაში გვაქვს“.