მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„შრომის ინსპექციის გაზრდილი მანდატი დამატებითი წნეხი და ბიუროკრატიაა ბიზნესისთვის“

5fe0b515531f8
ელენე გოგბერაშვილი
22.12.20 10:25
1044
2021 წლის 1 იანვრიდან შრომის ინსპექციის მანდატი ფართოვდება. შრომის ახალი კოდექსით, რომელიც პარლამენტმა 29 სექტემბერს მიიღო, შრომის ინსპექციას კომპანიებში, წინასწარი გაფრთხილების გარეშე შესვლა უკვე რამდენიმე დღეში შეეძლება. შრომის ინსპექციის გაზრდილი მანდატი არ გულისხმობს მხოლოდ კომპანიებში შესვლას გაუფრთხილებლად, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, მომავალი წლიდან შრომის ინსპექტორები კომპანიებში შეამოწმებენ როგორც შრომის უსაფრთხოებას, ასევე, დამსაქმებელსა დასაქმებულს შორის შრომით ურთიერთობებსაც გააკონტროლებენ.

ამ ეტაპზე არც საზოგადოებისთვის და არც კერძო სექტორისთვის ცნობილი არ არის, რა პრიორიტეტების შესაბამისად მოახდენს შრომის ინსპექცია კომპანიებში შესვლას.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში იმედი აქვთ, რომ შრომის ინსპექცია სადამსჯელო ორგანო არ იქნება. ამის თქმის საფუძველს BAG-ის იურიდიულ დირექტორს ნიკა ნანუაშვილს აძლევს ის თანამშრომლობა, რაც დღეს აქვთ შრომის ინსპექციასთან. ის უფრო შიშობს, რომ ინსპექციის გაზრდილი მანდატი წნეხი არა - ბიზნესისთვის, არამედ თავად ინსპექციისთვის არ აღმოჩნდეს, რადგან ამ უწყებას მისი თქმით, ძალიან შეზღუდული რესურსებით მოუწევს საკუთარი მანდატის აღსრულება.

„ჩვენ არ უნდა ველოდოთ შრომის ინსპექციისაგან, რომ ის მივა ყველგან, ყველა კომპანიაში და ყველაფერზე მოახდენს ან შეძლებს რეაგირებას. გააჩნია პოლიტიკას და პრიორიოტეტებს, როგორ დალაგდება ეს პრიორიტეტები. ნებისმიერ შემთხვევაში ეს ბიზნესისთვის დამატებითი წნეხი და ბიუროკრატია იქნება, მაგრამ შეგვიძლია სულ მცირე შევამციროთ ეს დამატებითი წნეხი და ბიუროკრატია. როგორ? ნათლად გაწერილი თამაშის წესების და პრიორიტეტების ფორმების მეშვეობით, ანუ რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, სად არის ყველაზე მეტი დარღვევა პირობითად, რომ ყველამ ნათლად იცოდეს, რომ სადაც შრომის ინსპექცია შევა, ამას ექნება საფუძველი. 

პრიორიტეტები შიდა ნორმატიული აქტი უნდა იყოს შრომის ინსპექციისთვის, სადაც გაიწერება რისკების კატეგორიები, იქ შეიძლება იყოს, მაგალითად, რა შემთხვევაში შეიძლება შევიდეს შრომის ინსპექცია კონკრეტულ კომპანიაში. მაგალითად, თუ ხშირია საჩივრები, თუ ინფორმაციაა, რომ იქ სისტემატიურად ირღვევა შრომითი უფლებები, ამ ყველაფერს სჭირდება ერთიანი საინფორმაციო ბაზის ქონა, სადაც სისტემატიურად მოხდება ინფორმაციის ანალიზი, ამის საფუძველზე კი, პრიორიტეტების შესაბამისად, ინსპექტორების ქმედებების წარმართვა. ასე მუშაობს სისტემა ნორმალური მოწყობის პირობებში. ჩვენ წორედ ასეთი შრომის ინსპექციის ხილვას ველოდებით 1 იანვრიდან", - აცხადებს ნიკა ნანუაშვილი.