მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შრომის ინსპექტორს იმედი აქვს, რომ 6 თებერვალს რესტორნები თვითნებურად აღარ გაიხსნებიან

601c0861a743d
ვიქტორია მღებრიშვილი
04.02.21 19:00
997
„შაბათს დაანონსებული აქციის გამართვის მოლოდინი არ გვაქვს“, - განაცხადა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ რესტორატორებთან შეხვედრის შემდეგ.

მისი შეფასება შეხვედრასთან დაკავშირებით განსხვავდება სტუმარ-მასპინძლობის სფეროს წარმომადგენლების პოზიციისგან, რესტორატორებისგან განსხვავებით შრომის ინსპექციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ შეხვედრა პოზიტიური იყო.

„დღეს გამართული შეხვედრა იყო პოზიტიური და ნაყოფიერი, ვინაიდან ყველა გამოწვევა იქნა გაზიარებული როგორც სახელმწიფოს, ასევე ბიზნესის მხრიდან. ჩვენ ვიმსჯელეთ აქტუალურ საკითხებზე და არ გვაქვს არავითარი მოლოდინი, რომ შაბათს დაანონსებული აქცია, რომელიც მათი მხრიდან იყო გაჟღერებული, რაიმე ფორმით კვლავ გაიმართება.  

მათი მხრიდან დაყენებული საკითხები სახელმწიფოს მხრიდან არის გაზიარებული, პირველ ეტაპზე ისინი გაიხსნებიან ღია სივრცეებში და ეტაპობრივად ეპიდ-სიტუაციის გათვალისწინებით დავაანონსებთ შეზღუდვების შემსუბუქებას. ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმ რეკომენდაციების შესრულებაზე, რომელთა დაცვაც რესტორნებს ამ პერიოდის განმავლობაში მოუწევთ“, - განაცხადა ფერაძემ.

შეგახსენებთ, რომ შაბათს სამოქალაქო საზოგადოება მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართავს აქციას #სოცაფეთქება და ქვეყანაში არსებული შეზღუდვების მოხსნას მოითხოვს. ამასთან დაანონსებულია, რომ 200-ზე მეტი რესტორანი შაბათს საყოველთაო დაუმორჩილებლობას აანონსებს, რაც რესტორნების თვითნებურად გახსნით გამოიხატება. თუმცა გაიხსნებიან თუ არა რესტორნები თვითნებურად ხვალ 11:30 საათზე რესტორატორების მიერ გამართულ ბრიფინგზე გახდება ცნობილი.