მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შრომის კოდექსის ცვლილებების პროექტში ზეგანაკვეთურ სამუშაოზე ჩანაწერი, შესაძლოა, შეიცვალოს

5dcad9600c13d
დავით ჯალაღონია
12.11.19 20:32
1630
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დიმიტრი ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით მომზადებული შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი საკანონმდებლო ორგანოში ინიცირებისთვის მზად სავარაუდოდ, ერთ თვეში იქნება. ამის შესახებ BM.GE-ს თავად ცქიტიშვილმა განუცხადა.

კანონპროექტის პარლამენტში წარდგენამდე კი დოკუმენტში შესაძლოა ცვლილებები შევიდეს, მათ შორის ზეგანაკვეთური სამუშაოს ლიმიტებთან დაკავშირებით.

"ეს საკითხი ჯერჯერობით ღიაა, ვერ ვიტყოდი, რომ პოზიციები დაახლოვდა, თუმცა მაინც შესაძლებელია გარკვეული ფორმულირებების მოძიება, მათ შორის, ვფიქრობ, რომ შეიძლება ხისტი ზედა ზღვარი არ დაწესდეს, მაგრამ ცალსახად გამოიკვეთოს, რომ დასაქმებულის ნება უნდა იყოს, თვითონ გადაწყვიტოს, აქვს თუ არა მუშაობის სურვილი. შუალედური ვერსია მგონი, შეიძლება აქ იყოს. ახლა ანალიზის პერიოდში ვართ, როდესაც რეკომენდაციებსა და შენიშვნებს ვიზიარებთ. ალბათ, დამატებით კონსულტაციები გვექნება და ვეცდებით, მეტნაკლებად მხარდაჭერილი ფორმულირება მივიღოთ ორივე მხრიდან", - განმარტა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ სწორედ ზეგანაკვეთური სამუშაოს ლიმიტებთან დაკავშირებით კანონპროექტში არსებული ჩანაწერი კერძო სექტორის კრიტიკის ერთ-ერთი მთავარი საგანია.

"ჩვენ ვფიქრობთ, რომ შრომის კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების მნიშვნელოვანი ნაწილი არის საფრთხის შემცველი, რადგან ისინი არღვევენ ბალანსს დასაქმებულსა და დამსაქმებლებს შორის და ამ ყველაფერმა შეიძლება, ბიზნესგარემოს ზიანი მიაყენოს. უფრო მეტიც, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ცვლილებები უმუშევრობის ზრდას, ხელფასების შემცირებას გამოიწვევს და ასევე, ძალიან მნიშვნელოვან პრობლემებს შეუქმნის მრავალ ინდუსტრიას. ეს ყველაფერი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას ხელს შეუშლის და არ მგონია, ეს ვინმეს ინტერესში შედიოდეს.

ერთ-ერთია მაგალითად, ნორმირებული სამუშაო დროის განსაზღვრა, მეორე - ზეგანაკვეთური სამუშაო საათების ლიმიტირება, მესამე - ზეგანაკვეთური საათების ანაზღაურება, ასევე პრობლემებია შრომითი ხელშეკრულების გაფორმების, შეწყვეტისა და დადების საკითხში, ისევე როგორც - სტაჟირებასთან დაკავშირებულ საკითხებში", - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ კანონპროექტის შეფასებისას.

კანონპროექტის არსებული ვერსიის მიხედვით, ზეგანაკვეთურ სამუშაოსთან დაკავშირებით ჩანაწერი:

მუხლი 24. სამუშაო დროის ხანგრძლივობა

1. ნორმირებული სამუშაო დრო არის ნებისმიერი დროის მონაკვეთი, როდესაც დასაქმებული მუშაობს დამსაქმებლის განკარგულების ქვეშ და ასრულებს თავის საქმიანობას ან მოვალეობებს. სამუშაო დროში არ ითვლება შესვენების დრო და დასვენების დრო.

2. დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს და დღის განმავლობაში 8 საათს.

3. შვიდდღიანი პერიოდის განმავლობაში სამუშაო დრო, ზეგანაკვეთური სამუშაოს ჩათვლით არ უნდა აღემატებოდეს 48 საათს.

მუხლი 27. ზეგანაკვეთური სამუშაო

4. ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება ხელფასის საათობრივი განაკვეთის გაზრდილი ოდენობით. ამ ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით არანაკლებ შრომის ანაზღაურების ნორმირებული საათობრივი განაკვეთის 125 პროცენტისა. ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება უნდა მოხდეს ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების შემდგომ გადასახდელ ყოველთვიურ ანაზღაურებასთან ერთად.