მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შრომის კოდექსის პროექტით, ზეგანაკვეთი საათობრივი 25%-იანი დანამატით უნდა ანაზღაურდეს

5f0dbcdea78cc
შოთა ტყეშელაშვილი
14.07.20 18:55
1551
თუ ზეგანაკვეთურ საათებში გიწევთ მუშაობა, თქვენს დამსაქმებელს შესაძლოა, ნამუშევარი საათების საბაზოზე 25%-ით ძვირად ანაზღაურების ვალდებულება დაუწესდეს. ამას შრომის კოდექსში შესატანი საკანონმდებლო ცვლილება ითვალისწინებს. კანონპროექტს მხარი პირველი მოსმენით 86-მა დეპუტატმა დაუჭირა, მოწინააღმდეგე კი არავინ იყო.

დეპუტატ დიმიტრი ცქიტიშვილის მიერ მომზადებული კანონპროექტი შრომის კოდექსის არსებული რედაქციის სტრუქტურულ ცვლილებებს ითვალისწინებს. მიღების შემთხვევაში დამსაქმებლებს დასაქმებულთა მიერ რეალურად შესრულებული სამუშაოს დროის ხანგრძლივობის დეტალური აღრიცხვა და ამ აღრიცხვის საფუძველზე, ზეგანაკვეთური მუშაობისთვის შესაბამისი სახელფასო დანამატების გაცემა მოუწევთ.

მუხლი 27. ზეგანაკვეთური სამუშაო

1. ზეგანაკვეთურ სამუშაოდ მიიჩნევა მხარეთა შეთანხმებით დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულება დროის იმ მონაკვეთში, რომლის ხანგრძლივობა აღემატება ნორმირებულ სამუშაო დროს. არასრულწლოვნისათვის ზეგანაკვეთური სამუშაოს დროის ხანგძრლივობა დღის განმავლობაში ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს 2 საათს, ხოლო კვირის განმავლობაში - 4 საათს.
2. ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება შრომის ანაზღაურების საათობრივი განაკვეთის გაზრდილი ოდენობით. ამ ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით არანაკლებ შრომის ანაზღაურების ნორმირებული საათობრივი განაკვეთის 125 პროცენტისა. ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება უნდა მოხდეს ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების შემდგომ გადასახდელ ყოველთვიურ ანაზღაურებასთან ერთად.
3. მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების სანაცვლოდ დასაქმებულისათვის დამატებითი პროპორციული დასვენების დროის მიცემაზე. დასაქმებულისთვის დამატებითი დასვენების დროის მიცემა უნდა მოხდეს ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებიდან არაუგვიანეს 4 კვირის განმავლობაში, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
4. დამსაქმებელი ვალდებულია წინასწარ 1 კვირით ადრე წერილობით შეატყობინოს დასაქმებულს ზეგანაკვეთური სამუშაოს შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გაფრთხილება შეუძლებელია დამსაქმებლის ობიექტური საჭიროებიდან გამომდინარე.
5. დასაქმებული ვალდებულია შეასრულოს ზეგანაკვეთური სამუშაო:
ა) სტიქიური უბედურების თავიდან ასაცილებლად ან/და მისი შედეგების ლიკვიდაციისთვის – ზეგანაკვეთური ანაზღაურების გარეშე;
ბ) საწარმოო ავარიის თავიდან ასაცილებლად ან/და მისი შედეგების ლიკვიდაციისთვის –ზეგანაკვეთური ანაზღაურებით.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, აკრძალულია ორსული ან ახალნამშობიარები ქალის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, არასრულწლოვნის, მეძუძური ქალის, აგრეთვე დასაქმებულის, რომელსაც ჰყავს 3 წლამდე ასაკის ბავშვი ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის კანონიერი წარმომადგენლის ან მხარდამჭერის ზეგანაკვეთურ სამუშაოზე დასაქმება მისი თანხმობის გარეშე.

მუხლი 28. ღამით მუშაობის შეზღუდვა

1. ამ კანონის მიზნებისათვის ღამის დრო გულისხმობს პერიოდს 22 საათიდან 6 საათამდე.
2. ღამის სამუშაოზე დასაქმებული არის ნებისმიერი პირი, რომელიც ყოველდღიური ნორმირებული სამუშაო დროის ფარგლებში ღამის დროის განმავლობაში ჩვეულებრივ მუშაობს არანაკლებ სამი საათი და ნებისმიერი პირი, რომელიც წლიური სამუშაო დროის განსაზღვრულ პროპორციულ ნაწილს მუშაობს ღამის დროის განმავლობაში. წლიური სამუშაო დროის ღამის სამუშაოს პროპორციულ განაკვეთს განსაზღვრავს მინისტრი, სოციალურ პარტნიორებთან კონსულტაციის შედეგად.
3. აკრძალულია ღამის სამუშაოზე არასრულწლოვნის, ორსული, ახალნამშობიარები ან მეძუძური ქალის დასაქმება, ხოლო 3 წლამდე ასაკის ბავშვის მომვლელის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის დასაქმება – მისი თანხმობის გარეშე.
4. მძიმე, მავნე ან საშიშპირობებიანი სამუშაო პირობებში ღამის სამუშაოზე მომუშავე დასაქმებულისთვის 24-საათის განმავლობაში მაქსიმალური სამუშაო დრო არ უნდა აღემატებოდეს 8 საათს. აღნიშნული წესი არ მოქმედებს ცვლაში მუშაობის შემთხვევაზე.
5. დასაქმებულის მოთხოვნის შემთხვევაში, დამსაქმებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯით უზრუნველყოს ღამის სამუშაოზე დასაქმებულისათვის წინასწარი (დასაქმებამდე) და შემდგომ პერიოდული სამედიცინო შემოწმების ჩატარება, სამედიცინო კონფიდენციალობის პრინციპის დაცვით. სამედიცინო შემოწმების პერიოდულობასა და ფარგლებს განსაზღვრავს მინისტრი, სოციალურ პარტნიორებთან კონსულტაციის შედეგად.
6. ღამის სამუშაოზე დასაქმებული პირი, რომელსაც სამედიცინო დასკვნის თანახმად ღამის სამუშაოს შესრულებიდან გამომდინარე აქვს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან პრობლემები, შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში, დამსაქმებელმა უნდა გადაიყვანოს ასეთი დასაქმებულისთვის შესაფერის დღის სამუშაოზე.

უფრო ვრცლად, თუ რა იცვლება შრომის კოდექსში იხილეთ ბმულზე