მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შრომის კოდექსის რეფორმის ავტორები დღეს საჯარო შეხვედრას გამართავენ

5db5b8095e411
BM.GE
28.10.19 09:00
1262
დღეს, სასტუმროში "თბილისი მარიოტი", USAID-ის პროექტის - "კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" (PROLoG) მხარდაჭერით, შრომის კოდექსის რეფორმის ფარგლებში მეორე საჯარო შეხვედრა გაიმართება.

ღონისძიების ორგანიზატორების ცნობით, კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორი დიმიტრი ცქიტიშვილი დაინტერესებულ მხარეებთან დეტალურად განიხილავს კოდექსში შესატან ცვლილებებს.

დისკუსიის მთავარი თემა შრომითი დისკრიმინაციის აკრძალვა და ქალთა უფლებების გაძლიერება, ასევე, დეკრეტული შვებულების ახლებური რეგულირება იქნება.

"საჯარო შეხვედრების მიზანია, რომ შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხების განხილვა მოხდეს მხარეთა ფართო მონაწილეობით, დასაქმებულებისა და დამსაქმებლების აქტიური ჩართულობით, რათა მაქსიმალურად დაახლოვდეს პოზიციები და მიღებული იქნას კომპრომისული, პროგრესზე ორიენტირებული გადაწყვეტილებები", – აცხადებენ საჯარო შეხვედრის ორგანიზატორები.

აღსანიშნავია, რომ თემატური შეხვედრები უკვე გაიმართა ბიზნეს ასოციაციების და პროფესიული კავშირების წარმომადგენლებთან, HR სპეციალისტებთან და სამოქალაქო სექტორთან. კანონპროექტის ინიციატორები და ავტორები მსგავსი დისკუსიების გამართვას სხვადასხვა თემატურ საკითხზე ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით მომავალ კვირებშიც გეგმავენ.

შეგახსენებთ, რომ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით, საქართველოს პარლამენტში მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც შრომითი უფლებების დაცვის ახალი სამართლებრივი და ინსტიტუციური მექანიზმების შექმნას გულისხმობს.

შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები სხვა საკითხებთან ერთად, შემდეგ ცვლილებებს ითვალისწინებს: სამუშაო საათების შემცირება და ზეგანაკვეთური სამუშაო საათების შეზუდვა/აკრძალვა, შეთავსებით მუშაობის აკრძალვა, სტაჟირების შეზღუდვა, მინიმალური ხელფასის სავალდებულოდ შემოღება, შრომითი ხელშეკრულებების დადებისა და შეწყვეტისათვის შეზღუდვების დაწესება და შრომის ინსპექციის მანდატის გაფართოვება.