მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების გადამზადების ახალი პროგრამა დამტკიცდა

6140d1eded424
ანუკა ჯოხაძე
14.09.21 21:00
1081
2019 წლიდან კომპანიებს შრომის უსაფრთხოების თანამშრომლის ყოლის ვალდებულება აქვთ. უფრო კონკრეტულად დამსაქმებელს, რომელსაც 20 ან ნაკლები დასაქმებული ჰყავს, შეუძლია პირადად შეასრულოს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მოვალეობები. თუმცა იმ პირობით, თუ მას გავლილი ექნება აკრედიტებული პროგრამა. თუ დამსაქმებელს 20-დან 100-მდე დასაქმებული ჰყავს, იგი ვალდებულია ჰყავდეს არანაკლებ ერთი შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, ხოლო 100 ან მეტი დასაქმებულის შემთხვევაში, უნდა შეიქმნას შრომის უსაფრთხოების სამსახური, რომელიც არანაკლებ  შრომის უსაფრთხოების ორი სპეციალისტით იქნება დაკომპლექტებული. ბიზნესს ვალდებულება აქვს თუმცა, როგორც ჩანს ბაზარზე შესაბამისი კადრების დეფიციტია.

ბიზნესის კრიტიკას არ უარყოფს შრომის ინსპექციის უფროსი ბექა ფერაძე. მისი განმარტებით, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის გადამზადების აკრედიტებული ახალი პროგრამა დამტკიცდა, რომელიც აღნიშნული კადრებისთვის დამატებით მოთხოვნებს აწესებს.

როგორც ფერაძე ამბობს, პროგრამაში თეორიულთან ერთად გაჩნდება პრაქტიკული ნაწილიც. ცვლილებები კი ბაზარზე არსებულ დეფიციტს დააბალანსებს.

“ევროპელ ექსპერტებთან ერთად შევიმუშავეთ ახალი მოდული, რომელიც სრულიად განახლებულია. გაიზარდა სასწავლო საათების ოდენობა. სასწავლო ნაწილში შემოვიდა პრაქტიკული კომპონენტი. შესაბამისად, გარდა თეორიული ნაწილისა, სტუდენტი ვალდებულია, რომ პრაქტიკული უნარ-ჩვევებიც მიიღოს ობიექტზე, როგორიც არის მაგალითად, რისკის შეფასებასთან დაკავშირებით. ეს არის ევროპული გამოცდილების ასახვა ქართულ კანონმდებლობაში და უზრუნველყოფს იმ კომპეტენციების მინიჭებას შრომის უსაფრთხოების სპეციალისტისთვის, რომელიც თანხვედრაში იქნება ევროპულთან, ეს დაიცავს ადამიანის სიცოცხლეს სამუშაო ადგილებზე და ერთი მხრივ იმ დეფიციტს რაც შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების ნაწილში არსებობს, დააბალანსებს", - აცხადებს შრომის ინსპექციის უფროსი ბექა ფერაძე.