მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პროგრამაში ცვლილებები შედის - რა იგეგმება რეგიონის მოსახლეობისთვის?

6481c511761ba
ვიქტორია მღებრიშვილი
08.06.23 17:37
1875
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებულ პროგრამაში ცვლილებები შედის, რომელიც რეგიონის მოსახლეობას კურსების დისტანციურად გავლის შესაძლებლობას მისცემს. ამის შესახებ შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტზე დეპუტატების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში დიდ ქალაქებში შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების დეფიციტი არ არის, თუმცა რეგიონებში ამ კუთხით გამოწვევები არსებობს.

„შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის ყოლა ეკონომიკური საქმიანობის ყველა სექტორის ვალდებულებაა, თუმცა კომპანიებს ამასთანავე მსგავსი ტიპის სერვისის აუთსორსით მიღების შესაძლებლობა აქვთ. ხშირია შემთხვევები, როდესაც ერთი უსაფრთხოების სპეციალისტი რამდენიმე ობიექტს ემსახურება. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი დეფიციტი მსხვილ ქალაქებში არ არის. რაც შეეხება რეგიონებს, ამ მხრივ გარკვეული გამოწვევები არსებობს, ამიტომ აკრედიტებულ პროგრამაში ცვლილებები შეგვაქვს. ამით გვინდა, რეგიონის მოსახლეობას კურსების გავლის შესაძლებლობა მივცეთ და რეგიონების მოსახლეობის ხელმისაწვდომობა გაიზარდოს. ამით რეგიონულ ჭრილში უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვას უზრუნველვყოფთ“, - განაცხადა ფერაძემ.

შრომის ინსპექციის ხელმძღვანელმა ისიც აღნიშნა, რომ გრძელვადიანად შეიქმნება სისტემა, სადაც შრომის უსაფრთხოების სპეციალისტები იქნებიან აღრიცხული.

„გრძელვადიან პერსპექტივაში, სისტემა იმ მიმართულებით განვითარდება, რომ ყველა ადამიანი იყოს დარეგისტრირებული. ეს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების და ზოგადი ქვეყნის ინტერესიცაა, ვიცოდეთ ვინაა დასაქმებული, რა კონტრაქტით მუშაობს, შესაბამისად სერვისი - რამდენი სპეციალისტია დასაქმებული და რამდენს ემსახურება უზრუნველყოფილი იქნება“, - განმარტა ფერაძემ.