მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შსს დანაშაულის შეტყობინების აპლიკაციის დანერგვას გეგმავს – რა სიახლე ელის მომხმარებელს?

6107cedd4423c
ინგა მურუსიძე
02.08.21 14:50
1302
"შინაგან საქმეთა სამინისტროს არაერთი დანაყოფი ინტენსიურად მუშაობს იმისთვის, რომ პოლიცია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით პასუხობდეს ამოცანებს, რომელთა წინაშეც ყოველდღიურად ვდგავართ", - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა უწყებაში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, რომელიც სამინისტროს განვითარების 10-წლიან გეგმას ეხება.

როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, გრძელდება აქტიური მუშაობა ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის დანერგვის მიმართულებით.

"შემუშავებულია განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც, 2025 წლისთვის, ანალიტიკური ქსელი უნდა დაინერგოს მთელი ქვეყნის მასშტაბით. აღნიშნულ პერიოდში დაიხვეწება ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის სრულფასოვნად განხორციელებისთვის საჭირო სხვადასხვა პროგრამული უზრუნველყოფა.

მუშავდება ელექტრონული დისპეტჩერიზაციის თანამედროვე სისტემა, რომელიც სტრატეგიული და ტაქტიკური ანალიზის ერთიანი სისტემის დანერგვასა და ანალიტიკური მონაცემების ფიქსაციასაც გულისხმობს. დაინერგება დანაშაულის შეტყობინების აპლიკაცია, ელექტრონული პლატფორმა, რომელიც მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს, სხვადასხვა ტექნიკური საშუალებით, სამართალდარღვევის ფაქტის შესახებ მონაცემი როგორც ღიად, ასევე, ანონიმურად მიაწოდოს სამინისტროს შესაბამის დანაყოფს", - განაცხადა შს მინისტრმა.

მისივე თქმით, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შეიქმნება კრიმინოგენულ-საინფორმაციო რუკა, მოხდება დანაშაულის შემთხვევების, სამეთვალყურეო კამერების, საპატრულო ეკიპაჟების გადაადგილებისა და სტრატეგიული ობიექტების ელექტრონულ რუკაზე ასახვა.

"ელექტრონული რუკა გაზრდის პოლიციის მხრიდან ინფორმაციაზე წვდომის ოპერატიულობას, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს დროის მოკლე მონაკვეთში ყველა საჭირო ინფორმაციის მოძიებასა და აღქმას. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, 2025-2030 წლებისთვის, კონკრეტულ ლოკაციებზე იგეგმება, სხვადასხვა სახის ჭკვიანი კამერების განთავსება, რომლებიც დაფიქსირებული არაორდინარული ქცევის, აგრეთვე, ხმის დეტექციის მიხედვით გასროლის იდენტიფიცირებისას შეტყობინებებს გადასცემს პოლიციის შესაბამის დანაყოფებს.

2022-2027 წლების შუალედში გაგრძელდება ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სახის ან მოძრაობის ამოცნობა-იდენტიფიკაციის ინსტრუმენტების განვითარება, რომელიც იძლევა ფოტოსურათის, მათ შორის ჯგუფური ფოტოს, ფოტოების ფრაგმენტების აღდგენის მიხედვით ცალკეული პირის ამოცნობის შესაძლებლობას. განვითარდება ვიდეოამომცნობი ინსტრუმენტები, რომელთა საშუალებით შესაძლებელია ვიდეოფაილებში ასახული პირების იდენტიფიცირება. 2021-2027 წლებში, სტატისტიკური მონაცემების გენერირების, სხვადასხვა დეტალისა და გარემოებების გათვალისწინებით, დამუშავების, სიზუსტისა და პროცედურის გამარტივების მიზნით, განხორციელდება სტატისტიკური მოდულის დახვეწა", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.