24.აგვისტო .2020 09:42

შსს შატილის გზაზე მომხდარ უბედურ შემთხვევაზე მორიგ განცხადებას ავრცელებს

views 1195
უკან

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დუშეთში, სამაშველო სამუშაოები შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის უშუალო ხელმძღვანელობით განხორციელდა.

ამის შესახებ უწყების მიერ შატილის გზაზე მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით გავრცელებულ მორიგ განცხადებაშია ნათქვამი:

„ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 64-ე კილომეტრზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს სამგზავრო მიკროავტობუსი, დაახლოებით, 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. მომხდარის შედეგად, გარდაიცვალა 17 და მძიმედ დაშავდა 3 მოქალაქე.

ადგილზე იმყოფებოდნენ და სამაშველო ოპერაციას პირადად ხელმძღვანელობდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი - თემურ მღებრიშვილი.

შეზღუდული ხილვადობის, რთული მეტეოროლოგიური და რელიეფური პირობების მიუხედავად, სამაშველო სამუშაოები, უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით, უწყვეტ რეჟიმში გვიანობამდე გაგრძელდა. ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები, მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები და სამაშველო ტექნიკა. ასევე, ადგილზე იმყოფებოდნენ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

მეხანძრე-მაშველებმა ხევში გადავარდნილი 3 დაშავებული მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე მალევე ამოიყვანეს, რის შემდეგაც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა სამკურნალო დაწესებულებაში დაუყოვნებლივ გადაიყვანეს. ისინი ამჟამად ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან”, - ნათქვამია განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა