დღეს, 23 მარტს, გამთენიისას, საქართველოში თურქეთიდან ჩამოფრინდა თურქმენეთის მოქალაქე, მაგრამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ქართველმა მესაზღვრეებმა მას ქვეყანაში შემოსვლაზე უარი უთხრეს და სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენეს.
აღსანიშნავია, რომ ეს ის უცხოელი ვიზიტორია, რომელიც 2020 წელს საქართველოში სამთავრობო პროგრამის - „იმუშავე საქართველოდან“ ბენეფიციარი იყო და თბილისში ცხოვრობდა; შემდეგ ქვეყანა დროებით დატოვა და 12 თებერვალს, როცა ისევ ჩამოსვლა გადაწყვიტა, მესაზღვრეებმა უკან გააბრუნეს და ახსნა-განმარტებაში მიზეზად „სხვა“ ჩაუწერეს ანუ არაფერი კონკრეტული.
BM.GE-ისთან საუბრისას ვიზიტორი ირწმუნება, რომ თებერვალშიც და ახლაც ყველა საჭირო დოკუმენტი წარადგინა და აღნიშნა, რომ მას, როგორც თურქმენეთის მოქალაქეს შეეძლო შემოსვლა, რადგან ამ ქვეყანასთან ავიამიმოსვლა დაშვებულია.
ვიზიტორმა მასსა და მესაზღვრეებს შორის დიალოგი ფარულად ჩაწერა, სადაც ჩანს, როგორ აყენებს ქართველი მესაზღვრე უცხო ქვეყნის მოქალაქეს შეურაცხყოფას. აუდიოჩანაწერის შინაარსი უკვე ცნობილია შსს-ისთვისაც.
„აეროპორტში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო.
რაც შეეხება აღნიშნულ მოქალაქეს, მას საქართველოში შემოსვლაზე უარი “უცხოელთა და მოქალეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის, “ი” ქვეპუნქტის საფუძველზე ეთქვა“, - განუცხადეს bm.ge-ს ვახტანგ გომელაურის უწყებაში.
ცნობისთვის, მე-11 მუხლი უცხოელთა და მოქალეობის არმქონე პირთათვის საქართველოს ვიზის გაცემაზე ან საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის საფუძვლებს განსაზღვრავს, ხოლო ქვეპუნქტი უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა საზღვრიდან გაბრუნებას „ი") საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში“ გულისხმობს.