მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შსს–მ კინოთეატრ "ამირანთან" ორი პირი დააკავა

5dc58d23d71a9
BM.GE
08.11.19 19:38
1198
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მერაბ კოსტავას გამზირზე, კინოთეატრ "ამირანთან" ორი პირი დააკავა.

როგორც შსს–ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული პირები საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გამო დააკავეს. 

"დაკავებული არიან: 1987 წელს დაბადებული გ.ბ. და 1989 წელს დაბადებული ნ.კ. ისინი არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს და არ ემორჩილებოდნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას.

აღნიშნული პირები სამართალდამცველებმა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტზე დააკავეს.

პირველადი ინფორმაციით, მერაბ კოსტავას გამზირზე ადგილი ჰქონდა პიროტექნიკის გამოყენების ფაქტებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველას, დაიცვან კანონის მოთხოვნები. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის ფარგლებში და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის თითოეულ ფაქტს მოჰყვება უმკაცრესი რეაგირება", – ნათქვამია შსს–ს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ "ამირანში" ქართულ-შვედური ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" საპრემიერო ჩვენება მიმდინარეობს, რასაც "ქართული მარში" და მისი მხარდამჭერები კინოთეატრთან აპროტესტებენ.