06.სექტემბერი .2019 00:05

შტატების მოთხოვნით, იტალიაში რუსი ტოპ-მენეჯერი დააკავეს

views 244
უკან

იტალიაში აშშ-ის მოთხოვნით, რუსული კომპანია United Engine Corporation-ის დირექტორი ალექსანდრ კორშუნოვი დააკავეს. Forbes -ის ინფორმაციით, კორშუნოვი ნეაპოლის აეროპორტში აიყვანეს. რუსი ტოპ-მენეჯერი იტალიაში მოსკოვიდან მეუღლესა და შვილებთან ერად ჩაფრინდა და ერთ-ერთ კუნძულზე შვებულების გატარებას აპირებდა.

ამერიკული მხარე კორშუნოვს ეკონომიკურ ჯაშუშობაში ადანაშაულებს.  კერძოდ, კორშუნოვს ინტელექტუალური საკუთრებისა და დოკუმენტების ქურდობა ბრალდება, რომელიც, სავარაუდოდ, შემდეგ რუსული MC-21 -ის ძრავების პროგრამისთვის, გამოიყენეს. როგორც ცნობილია, პირველი სასამართლო სხდომა იტალიაში უახლოეს დღეებში გაიმართება, რომელიც კორშუნოვის შეერთებულ შტატებში ექსტრადიციის საკითხს განიხილავს.


United Engine Corporation-ის დირექტორის ალექსანდრ კორშუნოვის დააკავების ფაქტს რუსეთის პრეზიდენტიც გამოეხმაურა. ვლადიმერ პუტინის განცხადებით, კორშუნოვი უდანაშაულოა და შეერთებული შტატების მოთხოვნით რუსეთის მოქალაქის დაკავება არის "ძალიან ცუდი" და ართულებს ორმხრივ ურთიერთობებს.

კორშუნოვმა მოსკოვის ენერგეტიკის ინსტიტუტი და სსრ კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემია დაამთავრა. 2015 წელს მაგისტრის ხარისხი დაიცვა ვენის ეკონომიკის უნივერსიტეტში. 90-იანი წლებიდან 2003 წლამდე ის მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურაში, მათ შორის სტამბოლში რუსეთის საკონსულოში და ასევე, რუსეთის მუდმივ მისიაში გაეროში. რუს ტოპ მენეჯერს "სამშობლოსადმი დამსახურებისთვის, II ხარისხის" მედალი აქვს მინიჭებული.