26.აგვისტო .2019 22:00

შტატების წინააღმდეგობის მიუხედავად ირანმა ტანკერიდან ნავთობი გაყიდა

views 1040
უკან

ირანმა გიბრალტარიდან რამდენიმე დღის წინ გათავისუფლებული სუპერტანკერიდან ნავთობი უკვე გაყიდა. ინფორმაციას სააგენტო "როიტერსი" ირანის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ირანის ხელისუფლების პრეს-სპიკერი განმარტავს, ამ დროისათვის 2.1 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობი გაიყიდა, რომლის ჯამური ღირებულებაც 130 მილიონი ამერიკული დოლარია. მთავრობის წარმომადგენელს არ დაუკონკრეტებია, თუ ვინ იყიდა ირანული ტანკერიდან ნავთობი.

ამერიკის შეერთებული შტატები გიბრალტარისგან ითხოვდა, რომ ირანული ტანკერი "Grace 1" არ გაეთავისუფლებინა, თუმცა დიდი ბრიტანეთის ექსკლავმა საპირისპირო გადაწყვეტილება მიიღო და ბრიტანელი სამხედროების მიერ ივლისში დაკავებული ხომალდი 19 აგვისტოს გაათავისუფლა. 1 დღით ადრე კი ტანკერს ახალი სახელი Adrian Darya 1 ეწოდა. 

შეგახსენებთ, რომ ირანული ტანკერი "Grace 1" გიბრალტარის მთავრობამ დიდი ბრიტანეთის სამეფო სამხედრო-სასაზღვრო ფლოტის დახმარებით, 4 ივლისს დააკავა. 330-მეტრიან სუპერტანკერს სირიის დიქტატორ ბაშარ ალ ასადისთვის ნავთობი გადაჰქონდა, რომელსაც ის საომარი ტექნიკისთვის იყენებს. ფაქტი ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების ხელყოფა და დარღვევაა.

ინციდენტის შემდეგ, ირანსა და დიდ ბრიტანეთს შორის ურთიერთობა გამწვავდა. ირანის ხელისუფლებამ ადეკვატური რეაგირებით დაიმუქრა. როგორც ცოტა ხნის წინ გაერთიანებულ სამეფოში განაცხადეს, სპარსეთის ყურეში ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ხუთმა შეიარაღებულმა ნავმა ბრიტანული ნავთობმზიდის British Heritage ბლოკირება მოახდინა და მას ირანის ტერიტორიულ წყლებში გაჩერება მოსთხოვა. ინციდენტი მას შემდეგ ამოიწურა, რაც ვითარების მოგვარებაში ბრიტანული ტანკერის თანმხლები რაკეტებით აღჭურვილი სამეფო ფლოტის სამხედრო ხომალდი ჩაერთო, რომელმაც ირანულ მხარეს რადიოკავშირის მეშვეობით გაფრთხილება გაუგზავნა. შედეგად, ირანელებმა უკან დაიხიეს.