მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შტატგარეშეების ანაზღაურების ზრდა საარჩევნო პოლიტიკურ მიზნებს ხომ არ უკავშირდება? - ბუაძე კაკაურიძეს

6166f54634fe5
ინგა მურუსიძე
13.10.21 19:15
790
საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, შტატგარეშე თანამშრომლების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება და მათი რიცხოვნობის შემცირებაზე ფინანსთა სამინისტროსთვის არავის მიუმართავს.

ასე უპასუხა გიორგი კაკაურიძემ ფრაქცია „ლელო საქართველოსთვის“ დეპუტატ საბა ბუაძის კითხვას, რომელიც შტატგარეშე თანამშრომლების ანაზღაურების ბიუჯეტის პერმანენტულ ზრდას შეეხებოდა, მათ შორის 2022 წელსაც.

„2015 წელთან შედარებით 100 მლნ ლარზე მეტით არის გაზრდილი საბიუჯეტო ორგანიზაციებში შტატგარეშე თანამშრომლების ანაზღაურება. მაინტერესებს, რატომ ხდება ეს და ხომ არ უკავშირდება საარჩევნო პოლიტიკურ მიზნებს?“, - ჰკითხა ბუაძემ კაკაურიძეს.

თავის მხრივ, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ უპასუხა, რომ მიუხედავად ნომინალურად გაზრდილი თანხისა, ბიუჯეტის მთლიან ხარჯთან, ასევე მშპ-სთან მიმართებით, შტატგარეშეების ანაზღაურების ბიუჯეტის მაჩვენებელი შემცირებულია.

„2015 წელთან შედარებით 100 მლნ-ით იზრდება ბიუჯეტი და ამას ალბათ არჩევნებს ვერ დავაბრალებთ. მაჩვენებელი ბიუჯეტის მთლიან ხარჯთან, მშპ-სთან მიმართებით შემცირებულია, თუმცა ნომინალურ გამოხატულებაში გაიზარდა. წელსაც ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, რომ სასწრაფო დახმარების ექიმებს გაეზარდოთ შრომის ანაზღაურება; რეგიონული და ქალაქების სასწრაფოების ექიმების ხელფასები გათანაბრდეს, საჭიროა 30 მლნ ლარი.

მომავალ წელს შეიძლება მკითხოთ, რატომ არის 100-ის ნაცვლად 130 მლნ ლარი გამოყოფილიო და პასუხი ერთი იქნება - იმიტომ რომ ხელფასები გაიზარდა.

ასევე, გარემოს დაცვის მიმართულებით არეალის გაფართოება მოხდა. თუ დამატებითი კადრები არ აიყვანეს, ფიზიკურად ვერ იმუშავებენ. გარდა ამისა, გარემოს დაცვის სამინისტროს დაემატა ახალი ვალდებულებები და გუშინ, პროფილურ კომიტეტზე მოითხოვეს თანამშრომლების რაოდენობის გაზრდა.

არის რიგი თანამდებობები და ფუნქციები, რომელიც მუდმივად საჭირო არ არის, ამიტომ გამოიყენება შტატგარეშე თანამშრომლების საკითხი“, - განაცხადა კაკაურიძემ.

შტატგარეშე თანამშრომლების თემაზე დისკუსიისას ფინანსთა მინისტრის მოადგილესთან დისკუსიისას დეპუტატი ასევე დაინტერესდა, თუ შტატგარეშე თანამშრომლები დროებით და არამუდმივ ფუნქციებს ასრულებენ, რამდენმა საბიუჯეტო ორგანიზაციამ შეამცირა მათი რაოდენობა, რაზეც გიორგი კაკაურიძემ უპასუხა, რომ შტატების შემცირების მოთხოვნით არავის მიუმართავს, პირიქით, მათი რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.

„არასტაბილური ვითარებაა ამ მხრივ. ზოგიერთ ორგანიზაციას ყოველწლიურად შესაძლოა, ჰყავდეს მეტი თანამშრომელი, შესაძლოა - ნაკლები. მომავალშიც, ნომინალურ ღირებულებაში იქნება ჯამური ანაზღაურების თანხის ზრდა, რადგან არ შეიძლება 10 წლის წინანდელი ნომინალური ღირებულება შევადაროთ დღევანდელს“, - თქვა გიორგი კაკაურიძემ.