მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"შუხმან ჯგუფი": განთავსების ფასები დავწიეთ

5ebbebd0e036e
ვიქტორია მღებრიშვილი
13.05.20 21:25
2130
კოვიდუსაფრთხო, მწვანე რეგიონში - კახეთში არსებული „შუხმან ჯგუფის“ სასტუმრო ტურისტული სეზონის გახსნისთვის ემზადება - ამის შესახებ BM.GE-ს კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ნუცა აბრამიშვილმა განუცხადა.

როგორც ის ამბობს, მიუხედავად იმისა რომ პანდემიიდან გამომდინარე ჯერ ოპერირებისთვის აუცილებელი პროტოკოლები არ აქვთ, კომპანიამ დაიწყო გახსნის წინამოსამზადებელი სამუშაოები და პირველ ეტაპზე, სპეციალური პაკეტების ადგილობრივი სტუმრებისთვის შეთავაზება. სერვისებზე ძირითადად აქცენტი გაკეთდება სარეაბილიტაციო-გამაჯანსაღებელ პროცედურებზე; გასტრონომიულ, ღვინის დაგემოვნების, ღვინის აბაზანებზე და დეტოქს პროცედურებზე; ასევე კახეთის უნიკალურ ბუნებაში სპეციალური სათავგადასავლო ტურების ორგანიზებაზე.

„ქართველის და უცხოელის მსყიდველობითუნარიანობა განსხვავდება, ეს კარგად უნდა გვესმოდეს. გადავხედეთ ფასებს და დასვენების პაკეტებში ადგილობრივი სტუმრებისთვის სხვადასხვა მომსახურებები ჩავრთეთ. ამით ჩვენ დავწიეთ ჩვენთან განთავსებისა და დასვენების ღირებულება“, - განაცხადა ნუცა აბრამიშვილმა.

უსაფრთხოების გათვალისწინებით შუხმანის ტურისტული კომპლექსი პირველ დამსვენებელს, გასულ წელს შექმნილ ღვინის სოფელში მიიღებს.

„ჩვენ არცერთი თანამშრომელი არ გაგვიშვია, ჩვენთან ყველა ადგილი შენარჩუნებულია. ჩვენ სულმოუთქმენლად ველოდებით სტუმრებს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ძალიან მალე ისევ იმ მწვერვალებზე დავბრუნდეთ, როგორიც ეს უახლოეს წარსულში დავტოვეთ. დიდი იმედი მაქვს ქვეყნის დადებითი დინამიკა ვირუსის დაძლევაში ასეთი ტემპებით შენარჩუნდება და საქართველო მალე კარს გაუღებს მსოფლიო ტურისტებსაც. მათ კი დავხვდებით კარგად მომზადებულნი ყველა უსაფრთხოების და პრევენციული ნორმების სრული დაცვით“, - ამბობს „შუხმან ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორი.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ადგილობრივი ტურისტებისთვის, ტურისტული სეზონი 15 ივნისს, საერთაშორისო ვიზიტორებისთვის კი 1 ივლისს გაიხსნება.