მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შვებულებების პერიოდში დახარჯული საწვავი - აუდიტის დასკვნა

no photo
სალომე მეცხვარიშვილი
16.09.19 20:30
1631
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სახელმწიფო ავტოპარკის მართვისა და რეგულირების საკითხების შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა, რომელიც 2017 წელს მოიცავს.

დოკუმენტში მოცემულია მთლიანად საქართველოს მთავრობის ავტოპარკის მოცულობა, რომელიც 16 189 ერთეულს შეადგენს და რომლის შენახვისთვისაც წლიურად 128 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება.

აუდიტის ანგარიშში სახელმწიფო ავტოპარკთან ერთად გამოკვლეულია საწვავის ხარჯებიც. ამ მიმართულებით აუდიტის სამსახურმა გარკვეული დარღვევები აღმოაჩინა, მაგალითად, დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც კონკრეტულ საჯარო მოხელეზე გაპიროვნებული ავტომობილები მაშინაც იყო ექსპლოატაციაში, როდესაც ისინი მივლინებაში ან შვებულებაში იმყოფებოდნენ. შესაბამისად, ფიქსირდება საწვავის მოხმარების ფაქტები. მეტიც, არის აღმოჩენილი შემთხვევები, როდესაც საჯარო მოხელის ქვეყნის შიგნით მივლინების დროს, მის სახელზე გაპიროვნებულ მანქანებში ასხამდნენ ბენზინს, იმ შემთხვევაშიც კი, როცა მივლინების დროს მისთვის სხვა სატრანსპორტო საშუალება იყო გამოყოფილი.

“გამოვლინდა ჯამში 875 შემთხვევა, როდესაც კონკრეტულ პირებზე გაპიროვნებული ავტომობილები მაშინაც იყო ექსპლოატაციაში, როცა ეს კონრეტული პირები შვებულებაში ან მივლინებაში იმყოფებოდნენ. განპიროვნებული ავტომობილით მოსარგებელე პირების ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებაში ყოფნისას, გამოვლინდა ავტომანქანების საწვავით გამართვის 44 შემთხვევა, რა დროსაც ჩასხმულია 1 633 ლიტრი საწვავი. ორგანიზაციების მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი შესაფერისი დოკუმენტი, რომელიც აღნიშნულ პერიოდებში ავტომობილების სამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენების ფაქტს დაადასტურებდა. ამასთან, განპიროვნებული ავტომობილით მოსარგებელე პირების ქვეყნის ფარგლებში მივლინებისას გამოვლინდა ავტომანქანების საწვავით გამართვის 158 შემთხვევა და სულ ჩასხმულია 5,946 ლიტრი საწვავი, როდესაც აღნიშნული მივლინების მოსარგებლე პირის ტრანსპორტირებისთვის გადაადგილების სხვა საშუალება იყო გამოყოფილი. შვებულებაში ყოფნისას, ავტომანქანების საწვავით გამართვის 673 შემთხვევა გამოვლინდა, რა დროსაც ჩასხმულია 23 902 ლიტრი საწვავი”,- ნათქვამია აუდიტის ანგარიშში.

აუდიტის სამსახურმა გამოიკვლია ავტოპარკი შემდეგ დაწესებულებებში: შინაგან საქმეთა სამინისტრო; ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური. ასევე აუდიტის ობიექტებია ამ უწყებების დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციები, რაც ერთობლივად 34 ერთეულს შეადგენს.