07.ნოემბერი .2019 21:01

სიცილიის ერთ-ერთი ქალაქის მერი სახლებს უფასოდ არიგებს - პრიორიტეტი ახალგაზრდა წყვილებია

views 866
უკან

სიცილიის ზღაპრულად ლამაზი ქალაქის კამარატას მერი საცხოვრებელ სახლებს უფასოდ არიგებს. ვინსენცო ჯამბრონეს ამ გზით ქალაქში უცხოელების მიზიდვა სურს. როგორც Lonely Planet-ი წერს, ქალაქის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ შთამბეჭდავი შეთავაზებით ახალ მაცხოვრებლებს დააინტერესებს და ქალაქს დაცლისგან გადაარჩენს. ამგვარად, მათ ვინც ქალაქში ცხოვრებას გადაწყვეტს, სახლებს უფასოდ დაურიგებენ.



"ვერ დავუშვებ, რომ ეს ულამაზესი და ისტორიული ცენტრი ცარიელი იყოს და ნანგრევებად გადაიქცეს. ძალიან ვწუხვარ ამის გამო. მეპატრონეები ვერ აანალიზებენ, თუ რა ზიანს აყენებენ ქალაქს, როდესაც ისინი სახლებს ტოვებენ და სხვაგან გადადიან", - განაცხადა ქალაქის მერმა ვინსენცო ჯამბრონემ.

 

კამარატაში, რომელიც პალერმოდან საათნახევრის სავალზეა, დაახლოებით 6 000 ადამიანი ცხოვრობს. ის  მოსახლეობის დიდმა ნაწილმა წლების განმავლობაში დატოვა. ახალგაზრდობა სამსახურების საძებნელად დიდ ქალაქებში ან კიდევ საზღვარგარეთ წავიდა.



ამ ეტაპისთვის ქალაქში ათეული ქვის სახლია ხელმისაწვდომი ემიგრანტებისთვის. მაგრამ როგორც ქალაქის მერი განმარტავს, უახლოეს პერიოდში სიას კიდევ ასი საცხოვრებელი დაემატება. ბინებს ყველა მსურველს გადასცემენ, ვინც ამ ქალაქში ცხოვრებას გადაწყვეტს, თუმცა პრიორიტეტი ახალგაზრდა წყვილები იქნება.



აღსანიშნავია, რომ სახლების უფასოდ გადაცემასთან ერთად, მერის გადაწყვეტილებით, მათ ასევე 1000 ევროს დაურიგებენ. ერთადერთი პირობა, რასაც ქალაქი უცხოელისგან ითხოვს, არის ის, რომ სახლის რეკონსტრუქციას მან 5 ათასი ევრო უნდა მოახმაროს, თუმცა, სამუშაოების დასრულების შემდეგ კამარატას მთავრობა ამ თანხასაც უკან აბრუნებს.