მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ და ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება დროებით გადავდოთ - გია არაბიძე

6304a950d5f29
მარიამ ვარადაშვილი
23.08.22 15:00
942
საქართველოში ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება შესაძლოა ისევ გადავადდეს, რადგან მთავრობა ამ მიმართულებით გარკვეულ რისკებს ხედავს.
ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გუშინ თქვა, რომ რეგიონში არსებული ვითარების ფონზე ელექტროენერგიით ვაჭრობის თავისუფალი ბაზრისთვის მინდობაში რისკებს ხედავენ. ამ საკითხზე მთავრობის პოზიცია პირველ სექტემბრამდე გახდება ცნობილი. სწორედ 1 სექტემბერია ბოლო ვადა, როცა ის უნდა ამოქმედდეს.

“მთელი ევროკავშირი ამბობს, რომ არ იციან როგორი ზამთარი იქნება, რეგიონის ბევრი ქვეყანა ძალიან რთულ ვითარებაშია და ვერ პროგნოზირებენ ფასს ან თავად ენერგომატარებლებით უზრუნველყოფა როგორ მოხდება. ვფიქრობთ, ზედმეტი რისკის შემცველია თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის შემოღება ელექტროენერგიაზე. ვმსჯელობით და კიდევ განვიხილავთ გარკვეულ საკითხებს”,-განაცხადა დავითაშვილმა.

ენერგეტიკისო გია არაბიძე ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედების გადავადების საკითხს გონივრულს უწოდებს და ევროკავშირის ქვეყნებში არსებულ ენერგო კრიზისზე მიუთითებს, რამაც გაზის ფასი ევროპაში მეგავატ-საათზე 273 ევრომდე გაზარდა.

“რა რისკებიც მინისტრმა დაასახელა აბსოლუტურად ვეთანხმები, რადგან ევროპაში გაზის ფასი 2800 დოლარი გახდა [1000 კუბური მეტრი]. რისკები ნამდვილად არსებობს. ასევე მნიშვნელოვანია ყაზახეთისა და თურქმენეთს როგორი პოლიტიკა ექნებათ და რა დატვირთვით იმუშავებს სამხეთ კავკასიური გაზსადენი. ამას გარდა, ვფიქრობ, ჩვენს ადგილობრივ ენერგოობიექტებს კვლავ სჭირდებათ გარკვეული ტრეინინგების ჩატარება, რათა ახალ სისტემასთან იოლად ადაპტირება შეძლონ. ევროპას 30 წელი დასჭირდა ამ ბირჟის ამუშავებაზე. აქედან გამომდინარე, ეს მარტივი საქმე ნამდვილად არ არის და ჯობია გვიან, თუმცა სრულფასოვნად ამუშავდეს”,-ამბობს არაბიძე BMG-თან საუბრისას.

ენერგეტიკოსს ასევე მიაჩნია, რომ ევროპაში ენერგოკრიზისის დასტაბილურებას ერთი წელი მაინც დასჭირდება და მთავრობამაც ამ დროისთვის უნდა იფიქროს ბირჟის ამუშავება.

“ვფიქრობ, მომდევნი ერთ წელში ენერგორესურსების მიმართულებით მსოფლიოში სიტუაცია დასტაბილურდება და ფასი გარკვეულ ნიშნულზე შენარჩუნდება. ალბათ მერე იქნება შესაძლებელი უფრო სრულყოფილად ავამოქმედოთ ეს ბირჟა. წარმოიდგინეთ ვითარება, როცა თბოელექტროსადგურები ამუშავდება და მათ არ ჰყოფნით ე.წ სოციალური გაზი და იძულებულნი გახდებიან კომერციულ ფასად ნაყიდი გაზით დაიწყონ ელექტროენერგიის გამომუშავება. ასე გამომუშავებული ელექტროენერგიის ფასი ბუნებრივია ძალიან მაღალი იქნება და შემდეგ იმ ფასად ბირჟაზე გატანაც პრობლემა იქნება”,-ამბობს არაბიძე.

BMG-ის კითხვაზე, ევროპაში არსებული გაზის კრიზისის ფონზე პრობლემა მხოლოდ თბოელექტროსადგურებს შეექმნებათ თუ არა, არაბიძე პასუხობს, რომ გაზის გარდა ომის ფონზე სხვა ენერგორესურსებზეც შეიქმნა დეფიციტი, მათ შორის ქვანახშირზე. ევროკავშირის გადაწყვეტილებით აგვისტოდან წევრ ქვეყნებში რუსული ქვანახშირის იმპორტი აიკრძალა. ევროკომისიის შეფასებით, ეს აკრძალვა რუსეთს წლიურად 8 მილიარდ დოლარს დააკარგვინებს. 

ენერგეტიკოსის განმარტებით, ელექტროენერგიის მიწოდება სხვა ენერგორესურსების ჭრილშიც უნდა იქნას განხილული როგორებიცაა მაგალითად, ნავთობი და გაზი.

“არასტაბილური ვითარებაა, ამ ბირჟით მუშაობის დიდი გამოცდილება არ გვაქვს. ამიტომ, სჯობია სიფრთხილე გამოვიჩინოთ და დროებით გავჩერდეთ. ენერგეტიკული ბირჟა სექტემბერში ამუშავდება, თუ 8 თვის შემდეგ, ის პრობლემებს, რაც დაგრში გვაქვს ერთბაშად ვერ გადაწყვეტს. ვფიქრობ, მომავალში ბირჟა აუცილებელი იქნება”,-აცხადებს გია არაბიძე.