მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სიღნაღის დიდ ნაწილს წყალი არ მიეწოდება... ტურისტები ჯავშნებს აუქმებენ“ - ია თაბაგარი

60a7c90e7eb00
ვიქტორია მღებრიშვილი
21.05.21 22:00
1025
კახეთში, სოფელ ქედელში მოქმედი სასტუმროს Lost Ridge Inn, Brewery & Ranch-ის თანადამფუძნებელი და დირექტორი, საქართველოს ტუროპერატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ია თაბაგარი "ფეისბუკში" პოსტს აქვეყნებს, სადაც ზაფხულის ტურისტული სეზონის გააქტიურებასთან ერთად დარგში არსებულ გამოწვევებს ასახელებს და კითხვას სვამს: “რა უნდა გააკეთოს ასეთ ვითარებაში ბიზნესმა?”

პოსტში ტურიზმის სექტორის წარმომადგენელი თავისი სასტუმროს მაგალითზე აღნიშნავს, რომ ლოკალური პრობლემების გამო უცხოელი ვიზიტორები ჯავშნებს აუქმებენ.

„როგორ ხვდება ქვეყანა ტურისტულ სეზონს სინამდვილეში! ვაქცინაცია ისევ ნელი ტემპით მიმდინარეობს. სიღნაღის რაიონის დიდ ნაწილს წყალი არ მიეწოდება, რის გამოც ზარალდება ბიზნესი, სასტუმროები და რესტორნები შეფერხებით მუშაობენ, ტურისტები ჯავშნებს აუქმებენ! წყალმომარაგების კომპანია, ცხელი ხაზი და პასუხისმგებელი პირები სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ! სახმელეთო საზღვრებზე სველი წერტილები ისევ მოუწესრიგებელია და საზღვრები ჯერ არ გახსნილა! კანიონები დაკეტილია და ტურისტები თავისით სახიფათო ადგილებზე უკონტროლოდ დადიან. სჯობს, უსაფრთხოდ იარონ დაცული ტერიტორიების მეთვალყურეობის ქვეშ! კახეთში გვალვაა, წყალი ბევრ ადგილას არ მოდის, ნათესები ვეღარ ირწყვება, აგროტურიზმი სავალალო მდგომარეობაშია!”, - წერს თაბაგარი.

BM.GE-მ სასტუმროს ხელმძღვანელს ჯავშნების გაუქმების მიზეზის დასაზუსტებლად მიმართა. ია თაბაგარის თქმით, სიღნაღის შემოგარენში წყალმომარაგება წლების განმავლობაში გადაუჭრელ პრობლემად რჩება.

„დღეს სასტუმროში უკვე ორი ჯავშანი გაუქმდა, სხვა გზა არ გვქონდა.უცხოელი ტურისტები იყვნენ, რომლებიც, როგორც ჩანს, თავისით ჩამოვიდნენ დუბაიდან და Lost Ridge Inn-ში ნომრები დაჯავშნეს. ჩვენ გვაქვს წყლის რეზერვუარები, რომლებიც პერიოდულად ივსება. თუმცა ამ შემთხვევაში გრაფიკიც დაირღვა და რეზერვუარიც აღარ გაივსო. იძულებული გავხდით, სტუმრებისთვის გვეთქვა, რომ კონკრეტული ოთახები წყლით ვერ მომარაგდებოდა. დილიდან ვრეკავთ, ვარკვევთ. მუნიციპალიტეტიდან გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში გადაგვამისამართეს, სადაც რეზერვუარების პერიოდული შევსების გრაფიკის დარღვევის შესახებ ჩვენგან გაიგეს და ახლაც დაზუსტებით არ ვიცით, როდის მოვა წყალი.

ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა ნუკრიანსა და სიღნაღის შემოგარენში. ტურიზმზე ლაპარაკობენ და რამდენი წელია, წყლის პრობლემა ვერ მოაგვარეს. ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ გვექნებოდა უწყვეტი წყალმომარაგება, რომ გვცოდნოდა, პრობლემა წლების შემდეგაც შეგვექმნებოდა, არც ჩვენ გავაკეთებდით ინვესტიციას და არც სხვას გავაკეთებინებდით“, - უთხრა ია თაბაგარმა BM.GE-ს.