მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სიღნაღში არტიშოკების წარმოება დაიწყო – სად იყიდება Geo Artichoke

6298c9cc4cabc
ვიქტორია მღებრიშვილი
04.06.22 23:00
4283
სიღნაღში, სოფელ ტიბაანში 1 ჰა ფართობზე ინდმეწარმე მალხაზ ბიძინაშვილმა არტიშოკის ბაღი გააშენა და მისი რეალიზება დაიწყო.

მეურნეობის ხელმძღვანელი BM.GE-ის უყვება, რომ მცირე მოცულობის არტიშოკის ბაღი გასულ წელს ევროკავშირის 5 000-ლარიანი გრანტით გააშენა და ბაღისთვის საჭირო მცირე ტექნიკა სწორედ ამ ფინანსური რესურსით შეიძინა. უცხო პროდუქტისადმი გაჩენილი მოთხოვნის გამო კი წელს ბაღის გაფართოება გადაწყვიტა და დამატებითი ფართობებზე ამ კულტურის მოსაყვანად 5-6 ათასი ლარის პირადი ფინანსური რესურსი ჩადო.

„ახალი მოსავლის აღებას 1 თვეში დავიწყებთ და იმის გათვალისწინებით, რომ არტიშოკის მოკრეფა წელიწადში რამდენჯერმე ხდება, წლიურად ჯამში 6 ტონამდე მოსავალს ველით.

პროდუქცია დღეისთვის Geo Artichoke-ის ფეისბუქ-გვერდის ონლაინ შეკვეთის მეშვეობით იყიდება. სამწუხაროდ არტიშოკი საქართველოში არც თუ ისე ცნობილი პროდუქტია, ამიტომ ვფიქრობთ, მისი რეალიზება მსხვილი ჰიპერმარკეტების საშუალებით განვახორციელოთ. მოლაპარაკებებს გუდვილთან, კარფურთან და აგროჰაბთან ვაწარმოებთ და სულ მალე მისი შეძენა მსურველებს სწორედ ამ ჰიპერმარკეტებში შეეძლებათ“, - ამბობს მეურნეობის ხელმძღვანელი და აღნიშნავს, რომ დღეს არტიშოკის ღირებულება 20-30 ლარია.

Geo Artichoke-ის ხელმძღვანელს მეურნეობისა და წარმოების განვითარების გეგმაც აქვს, თუმცა მისი განხორციელება მიმდინარე წლის გაყიდვებზე იქნება დამოკიდებული. მალხაზ ბიძინაშვილს არტიშოკის გადამამუშავებელი საწარმოს ამოქმედება სურს სადაც 3 000 კგ არტიშოკის გადამუშავება და წარმოება შეეძლება.

„ჩვენ მომავალში არტიშოკის გადამამუშავებელი საწარმოს მოწყობა გვინდა. პროექტი უკვე არსებობს. თუ მოსავლის აღნიშნული რაოდენობა მივიღეთ და მოთხოვნაც იქნება, მომავალი წლიდან ამ პროექტის განხორციელებაზე ვიფიქრებთ. მცირე საწარმოს მოწყობის ღირებულება 60 000 ლარია და მასში დაახლოებით 7 ადამიანი დასაქმდება. ამ საწარმოს ფარგლებში 3 000 კგ არტიშოკის გადამუშავებას შეგვეძლება და ბაზარს არტიშოკის მარინადსაც მივაწვდით“, - აღნიშნა მალხაზ ბიძინაშვილმა.