20.იანვარი .2022 17:19

“სილქნეტი” $300 მილიონის ახალი ევროობლიაციების გამოშვებას გეგმავს

“სილქნეტი” $300 მილიონის ახალი ევროობლიაციების გამოშვებას გეგმავს
views 809
უკან

საქართველოს კომუნიკაციების სექტორის მეორე უმსხვილესი მოთამაშე - “სილქნეტი” $300 მილიონის ღირებულების ევროობლიგაციების გამოშვებისთვის ემზადება. საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის შეფასებით, ახალი ფასიანი ქაღალდის საკრედიტო რეიტინგი სავარაუდოდ “B” იქნება. 5-წლიანი ევროობლიგაციების დაფარვის ვადა 2027 წელი იქნება. 

“კომპანია გეგმავს, რომ ობლიგაციის ემისიით მიღებული შემოსავლით დაფაროს მისი მოქმედი $200-მილიონიანი ობლიგაცია, რომლის დაფარვის ვადაც 2024 წელსაა; ასევე დაფაროს ლარში ნომინირებული ობლიგაციებიც, რომელთა ვადაც 2022 წელს იწურება. ასევე მოზიდული თანხები მეწილეებსა და ძირითად კორპორატიულ მიზნებზეც დაიხარჯება,” - ნათქვამია Fitch-ის ვებგვერდზე.

"სილქნეტმა" ობლიგაციების გამოშვებით $200 მილიონი დოლარი 2019 წლის მარტში მოიზიდა, ამ ფასიანი ქაღალდის ვადიანობაც 5 წელს შეადგენს, მისი განაკვეთი კი 11%-ია. 

Fitch-ი აღნიშნავს, რომ “სილქნეტი” არის დივერსიფიცირებული სატელეკომუნიკაციო კომპანია, კომპანიის წინაშე არსებული რისკებიდან სარეიტინგო სააგენტო პირველ რიგში სავალუტო რისკს გამოყოფს:

“სილქნეტს” აქვს სავალუტო კურსის მიმართ მაღალი მოწყვლადობა, რადგანაც კომპანიის ვალების და კაპიტალური დანახარჯების 80% ნომინირებულია უცხოურ ვალუტაში, ხოლო კომპანიის შემოსავალი კი ლარებშია.”

Fitch-ი აღნიშნავს, რომ 2021 წლის 9 თვეში “სილქნეტის” შემოსავალი მობილური მომსახურებიდან წინა წელთან შედარებით 9%-ით გაიზარდა. ასევე ნათქვამია, რომ 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით მობილური ინტერნეტის მოხმარება გაოთხმაგებულია.

ანგარიშში ნათქვამია, რომ “სილქნეტის” საბაზრო წილი ზეწოლის ქვეშაა, რადგანაც 2021 წლის განმავლობაში მის ძირითად სეგმენტებზე (მობილური; ფიქსირებული ინტერნეტი და ფასიანი ტელევიზია) კომპანიის აბონენტთა რაოდენობა 1%-ით შემცირდა, ხოლო მისმა მთავარმა კონკურენტმა "მაგთიმ" მობილური და ფიქსირებული ინტერნეტის ბაზრებზე საკუთარი საბაზრო წილი გაზარდა.

Fitch-ის მიერ დადებითად არის შეფასებული საქართველოს კომუნიკაციების კომისიის მიერ მობილური ოპერატორების საცალო მომსახურების ტარიფების რეგულირების შემსუბუქება და მათთვის ამ მხრივ თავისუფლების მიცემა. შედეგად, მობილურ ოპერატორებს ტარიფების გადახედვისთვის აღარ ესაჭიროებათ კომისიისგან ნებართვის მოპოვება. შესაბამისად, Fitch-ს აქვს მოლოდინი, რომ “სილქნეტი” 2022-2023 წლებში ეტაპობრივად გაზრდის ტარიფებს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა