მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სილქნეტი“ და „ბილაინი“ ამ ეტაპზე ტარიფების გაძვირებას არ გეგმავენ

61dc3e949186b
ინგა მურუსიძე
10.01.22 18:30
8521
„სილქნეტი“ და „ბილაინი“ ამ ეტაპზე ტარიფების ცვლილებას არ გეგმავენ. შესაბამისი ინფორმაცია bm.ge-ს ორივე კომპანიაში დაუდასტურეს.

საქმე ის არის, რომ როგორც დღეს გახდა ცნობილი, კომპანია „მაგთიკომი“ ტარიფებს აძვირებს და 10 თებერვლიდან 25-ლარიანი ულიმიტო პაკეტი უქმდება, მის ნაცვლად კი მინიმალური „კოქტეილის“ შეძენა 30 ლარად იქნება შესაძლებელი. კომპანია აძვირებს ინტერნეტ-პაკეტებსაც.

„ამ ეტაპზე ტარიფების ცვლილებაზე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. არც რაიმე მსჯელობა მიმდინარეობს“, - გვითხრეს კომპანია „ბილაინში“.

„ამ ეტაპზე ტარიფებთან დაკავშირებით არანაირი ცვლილება არ მომხდარა“, - ამბობენ „სილქნეტში“.

შეგახსენებთ: კომპანიებს აქვთ ვალდებულება, ტარიფების ცვლილების შემთხვევაში, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას და მომხმარებელს 30 დღით ადრე უნდა აცნობონ.

აღსანიშნია, რომ მობილურმა ოპერატორებმა ტარიფების გაზრდის შესახებ ჯერ კიდევ 2019 წელს გააკეთეს განაცხადი, თუმცა მაშინ, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ჩარევით და გადაწყვეტილებით, ტარიფები არ გაძვირდა. უწყებაში მაშინ აცხადებდნენ, რომ კომპანიების მხრიდან ტარიფების ზრდის საფუძველი არ არსებობდა, თუმცა მოგვიანებით, 2021 წელს, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება და მობილურ კომპანიებს სატარიფო მოქნილობა დაუბრუნა.

„საცალო სატარიფო რეგულაციიდან გამოსვლის მიუხედავად, კომუნიკაციების კომისია, როგორც სექტორის მარეგულირებელი საკუთარი ფუნქციებისა და ამოცანების ფარგლებში, კომპანიების მხრიდან დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისა და მომხმარებლის ინტერესების შეზღუდვის შემთხვევაში, შეისწავლის საკითხს და დარღვევის დადასტურებისას, კანონის შესაბამისად მოახდენს რეაგირებას“, - ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებაში.