მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სილქნეტმა" გლობალურ კომპანია OneWeb-თან თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი

5e2842f94c0b7
BM.GE
22.01.20 16:37
1553
წამყვანმა ქართულმა კონვერგენტულმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ სილქნეტმა გააფორმა თანამშრომლობის მემორანდუმი გლობალურ საკომუნიკაციო კომპანია OneWeb-თან.

ამის შესახებ bm.ge-ის კომპანია „სილქნეტიდან“ აცნობეს.

OneWeb-ის მიზანია, სატელიტური კავშირგაბმულობის გამოყენებით უზრუნველყოს მაღალი სიჩქარის და დაბალი ლატენტობის ინტერნეტ-კავშირი ყველგან და ყველასთვის, დედამიწის ნებისმიერ წერტილში. „სილქნეტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ გიორგი რამიშვილმა,და OneWeb-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ადრიან სთექელმა, დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიმდინარეობისას, მოაწერეს ხელი საქართველოში და კავკასიის რეგიონში პარტნიორობის შეთანხმებას.

„სილქნეტის“ და OneWeb-ის პარტნიორობის მიზანია, თანამგზავრული ციფრული ეკოსისტემის მეშვეობით ადგილობრივი სატელეკომუნიკაციო ოპერატორებისთვის OneWeb-ის ფართო დაფარვის მაღალსიჩქარიანი ფართოზოლოვანი ინტერნეტის მიწოდება, მათ შორის ყველაზე მოშორებულ და ძნელად მისაწვდომ რეგიონებში.

ადრიან სთექელი, OneWeb-ის აღმასრულებელი დირექტორი: „დღევანდელ რეალობაში, როდესაც ბიზნესებს ესაჭიროებათ მუდმივი კავშირი საინფორმაციო რესურსებთან, მაგრამ ყველგან არ არის სათანადო გეოგრაფია ან საკმარისი რესურსი ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის ასაგებად, OneWeb-ის რევოლუციური კავშირგაბმულობის ქსელი საშუალებას მისცემს ყველას ისარგებლოს მაღალი სიჩქარის ინტერნეტით, დედამიწის ნებისმიერ კუთხეში. მე მოხარული ვარ, რომ ჩვენ გადავდგით პირველი და ძალზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი სილქნეტთან საპარტნიორო ურთიერთობის ჩამოსაყალიბებლად. OneWeb მოწოდებულია უზრუნველყოს ციფრული ტექნოლოგიების საყოველთაო ხელმისაწვდომობა როგორც საქართველოში, ასევე მთელს კავკასიის რეგიონში.“

გიორგი რამიშვილი, „სილქნეტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე: „სილქნეტი“ ყოველთვის ისწრაფოდა მოწინავე ტექნოლოგიების დანერგვისთვის. გავაფორმეთ პარტნიორობის მემორანდუმი კომპანიასთან, რომელიც რევოლუციური, კოსმოსური კავშირგაბმულობის ქსელის შექმნას შეუდგა. ამ პარტნიორობის შედეგად საქართველოში გაჩნდება ციფრული კავშირგაბმულობის დამატებითი წყარო, რომელიც არსებულ ტექნოლოგიებს კონკურენციას კი არ გაუწევს, არამედ შეავსებს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ მოშორებული ადგილებისთვის, სადაც ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურა ამა თუ იმ მიზეზით არ არსებობს.“

OneWeb-მა გასული წლის თებერვალში გაუშვა დაბალი ორბიტის დედამიწის თანამგზავრების პირველი რიგი. შემდეგი გაშვება დაგეგმილია 2020 წლის თებერვალში ყაზახეთის ბაიკონურის კოსმოდრომიდან. ეს დასაბამს მისცემს OneWeb-ის პროგრამას, რომელიც გულისხმობს ერთდროულად მინიმუმ 30 თანამგზავრის რეგულარულ გაშვებებს OneWeb-ის 650 თანამგზავრისგან შემდგარი პირველი სატელიტური ქსელის შესაქმნელად.

OneWeb-ის შესახებ
OneWeb-ის ხედვა და მიზანია ინტერნეტის მისაწვდომობის უზრუნველყოფა ყველგან და ყველასთვის. ამ მიზანს მოემსახურება კომპანიის მიერ დანერგილი დედამიწის დაბალორბიტალური თანამგზავრების და მიწისზედა სამომხმარებლო ტერმინალების გლობალური ქსელი მისაწვდომი, სწრაფი, მაღალი გამტარობის და დაბალი ლატენტობის საკომუნიკაციო სერვისების უზრუნველსაყოფად როგორც კერძო, ასევე სამთავრობო სტრუქტურებისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით. OneWeb-ის ქსელი შესთავაზებს სრულიად ახალ მობილურ გადაწყვეტილებებს იმ ინდუსტრიებს, რომელიც დამოკიდებულია გლობალურ კავშირგაბმულობაზე, როგორიცაა მაგალითად, ავიაცია, საზღვაო და საავტომობილო ტრანპორტი და სხვა.

OneWeb მოწოდებულია აწარმოოს პასუხისმგებლიანი ოპერაციები კოსმოსში, იმ პრინციპებზე დაყრდნობით, რომ კოსმოსი საერთო ბუნებრივი რესურსია, რომელიც პასუხისმგებლიანი გამოყენების შემთხვევაში, დაეხმარება კაცობრიობას რევოლუციურად გარდაქმნას ცხოვრების, მუშაობის და კავშირის წესი.

OneWeb-ის საინვესტიციო პარტნიორები არიან Softbank, Airbus, Coca-Cola, Virgin, ინდური სატელეკომუნიკაციო გიგანტი Bharti, რუანდის მთავრობა და მექსიკური კონგლომერატი Grupo Salinas.

დამატებითი ინფორმაციისთვის OneWeb -ის შესახებ: http://www.oneweb.world  

სილქნეტის შესახებ
სილქნეტი არის წამყვანი კონვერგენტული სატელეკომუნიკაციო კომპანია საქართველოში, რომელიც ბიზნესსა და მომხმარებლებს სრული სპექტრის სატელეკომუნიკაციო სერვისებს სთავაზობს მთელი ქვეყნის მასშტაბით: მობილურ მომსახურებას, ფიქსირებულ ინტერნეტს, მაუწყებლობის ტრანზიტს და ფიქსირებულ ტელეფონიას. მისი საბაზრო წილი 40 %-ს აღემატება.

კომპანიამ 2019 წლის აპრილში 200 მილიონი დოლარის 5 წლიანი ევროობლიგაციები გამოუშვა, რომლებიც სავაჭროდ დაიშვა ირლანდიის საფონდო ბირჟაზე. ფინანსური მაჩვენებლების კუთხით გამოირჩევა, როგორც ძლიერი კომპანია. სილქნეტს მინიჭებული აქვს B1/სტაბილური მუდისის (Moody’s) და B+/სტაბილური ფიჩის (Fitch Ratings) საკრედიტო რეიტინგები.

დამატებითი ინფორმაციისთვის სილქნეტის შესახებ: http://www.silknet.com /
NS