მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სინამდვილეში რას ნიშნავს EU-ს 75 მლნ ევროს დახმარებაზე უარის თქმა

612e196e78313
შოთა ტყეშელაშვილი
31.08.21 16:08
2907
დღეს საქართველოს მთავრობამ ევროკავშირთან სასესხო შეთანხმება ცალმხრივად მოშალა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ 75 მილიონი ევროს ბიუჯეტში მოზიდვის საჭიროება აღარ დგას, ხოლო ეს თანხა არა გრანტი, არამედ სესხია, თუმცა, სინამდვილეში ევროკავშირის დახმარებაზე “უარის თქმის” მიზეზი არა - ეკონომიკური, არამედ პოლიტიკურია, რადგანაც 2020 წლის სექტემბერში EU-საქართველოს შორის ბრიუსელში გაფორმებული €150 მილიონის ოდენობის სასესხო შეთანხმებაში ჩადებული იყო წინაპირობები, მათ შორის კი უმთავრესი სასამართლო სისტემის დეპოლიტიზაცია და მისი სტრუქტურული რეფორმირება იყო. 2020 წლის სექტემბერში საქართველოს მთავრობამ დადო პირობა, რომ ამ ცვლილებების განხორციელებას დაიწყებდა, რაც ევროკავშირის მაკრო-ფინანსური დახმარების მეორე ტრანშის მიღების საბაბი იქნებოდა. ამ პერიოდში ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია იყო.

სასამართლო სისტემის რეფორმირების ვალდებულება ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობამაც აიღო, რაც ე.წ. “შარლ მიშელის შეთანხმების” ერთ-ერთ მთავარ ნაწილს წარმოადგენდა. 2021 წლის 28 ივლისს, “ქართულმა ოცნებამ” განაცხადა, რომ “შარლ მიშელის” 19 აპრილის შეთანხმებიდან გადიოდა და შესაბამისად, არც ამ შეთანხმებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს შეასრულებდა. ეს კი თავის მხრივ ნიშნავდა იმასაც, რომ მთავრობა არც მაკრო-ფინანსური დახმარების წინაპირობის შესრულებას გეგმავდა.

24 აგვისტოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა, საკუთარ Twitter-ზე განაცხადა, რომ კიევში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართულ შეხვედრაზე ქართულ მხარეს, მაკრო-ფინანსური დახმარების წინაპირობის შესრულებისკენ მოუწოდა.

"პრემიერ მინისტრ ღარიბაშვილთან ლაპარაკისას ხაზი გავუსვი, რომ რეფორმები საჭიროა ისე, როგორც არასდროს. მაკროფინანსური დახმარების გაცემის ვადა ახლოვდება. დროა, საქართველომ აჩვენოს თავისი ერთგულება შეთანხმებების მიმართ, განსაკუთრებით, რეფორმებთან დაკავშირებით", - ამბობდა შარლ მიშელი.

დღეს კი მთავრობის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ თითქოს საქართველო ამ შეთანხმებას ცალმხრივად აჩერებს და დახმარების დარჩენილი 75 მილიონი ევროს მიღების სურვილი აღარ არსებობს, წარმოადგენს იმ პოლიტიკური ზიანის თავიდან აცილების მცდელობას, რაც თავად ევროკავშირის მიერ დახმარების მეორე ტრანშის გადმორიცხვაზე უარის თქმას გამოიწვევდა. ამ სურათის თავის არიდების და პოლიტიკური სკანდალის უფრო “ჩუმად” გავლის მიზნით, მთავრობამ EU-ს “დაასწრო” და სასესხო შეთანხმების ცალმხრივად მოშლის გადაწყვეტილება მიიღო.

თავის მხრივ, 150 მილიონი ევროს სასესხო შეთანხმების ხანგრძლივობა 15-წლით იყო განსაზღვრული, ხოლო მისი საპროცენტო განაკვეთი კი 2%+Euribor იყო.

უფრო დეტალურად, წინაპირობა, რომელიც “ქართული ოცნებისთვის” მიუღებელი აღმოჩნდა ასე გამოიყურება:

“სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულების და ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს ხელისუფლება, სასამართლო სისტემის რეფორმების შესახებ 2017 და 2019 წლებში მიღებული ორი პაკეტის შესაბამისას ა) გააგრძელებს გამჭვირვალობას და დამსახურებაზე დაფუძნებულ შერჩევის კრიტერიუმებს პირველადი ინსტანციის და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა დანიშვისას. კერძოდ, მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ დასაბუთების გამოქვეყნებით, ერთიანობისა და კომპეტენციის კრიტერიუმების გათვალისწინებით. ბ) წარუდგენს პარლამენტს კანონპროექტს უზენაეს სასამართლოში დანიშვნებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის დასკვნის შესაბამისად. კერძოდ, ვენეციის კომისიის დასკვნა ეხება მოსამართლეთა დანიშვნებთან დაკავშირებულ შეშფოთებას და გაკვირვებას, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ხმის მიცემის ღიაობას და ამ უკანასკნელის მხრიდან ნომინაციების დასაბუთების აუცილებლობას. გ) თავს შეიკავებს უზენაეს სასამართლოში ამჟამად არსებული წესების ფარგლებში დანიშვნების განხორციელებისგან,” - ნათქვამია დოკუმენტში.

ის რომ მმართველი პარტია ამ ვალდებულების შესრულებას არ აპირებდა, 2021 წლის 12 ივლისსაც აშკარა იყო, როდესაც პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს 6 მოსამართლე დაამტკიცა, რასაც ევროკომისიამ ნაჩქარევი გადაწყვეტილება უწოდა და კრიტიკული განცხადებით უპასუხა. ამის მიუხედავად, მთავრობა აკეთებდა მცდარ დაპირებებს და იმედს გამოთქვამდა, რომ ყველა მხარე ნაკისრ ვალდებულებას შეასრულებდა, ეს კი მაშინ, როდესაც სასამართლო სისტემაზე აღებული ვალდებულების შესრულება არა “სხვა მხარეების”, არამედ უშუალოდ მისი პასუხისმგებლობა იყო. “დარწმუნებული ვარ, ამ პროცესის თითოეული მონაწილე სრულყოფილად შეასრულებს იმ ვალდებულებებს, რომელიც აიღო ქვეყანამ,” - 2021 წლის 22 ივლისს აცხადებდა ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე. დღეს უკვე ნათელია თუ რამდენად “სრულყოფილად” შეასრულა მთავრობამ ეს ვალდებულება.