მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“სკა”: ქვეყანაში თაფლი ჭარბად იწარმოება, მისი მოხმარების კულტურა კი დაბალია

5fce3c24e2265
ლიკა გურაბანიძე
07.12.20 21:20
1241
თაფლის სექტორი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიულია, თუმცა მას საექსპორტო ბაზრების ათვისება დღემდე უჭირს. ბოლო მონაცემებით, 2020 წელს იანვარ-ოქტომბერში 4.4 ტონა თაფლის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 35 ათასი დოლარი შეადგინა. ამ პერიოდში ექსპორტირებული თაფლის მაჩვენებელი 18,5%-ით ნაკლებია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებულ ექსპორტზე. 2020 წელს თაფლის ექსპორტის TOP 5 საექსპორტო ქვეყნის ჩამონათვალი ასე გამოიყურება: აშშ, კანადა, ყატარი, ავსტრალია და საუდის არაბეთი.

როგორც “საქმიან დილაში” კომპანია “სკას” დამფუძნებელმა ჯაბა შეშაბერიძემ განაცხადა, საქართველოში ქსელურ მარკეტებში შესვლა კომპანიებისთვის სირთულეს წარმოადგენს. თაფლის მწარმოებელმა ყურადღება ლარის კურსის არასტაბილურობაზეც გაამახვილა.

“მარკეტების წარმომადგენლები არ გხვდებიან, უნდა მისწერო, ბიუროკრატია დიდია. იმისთვის, რომ ერთ კონკრეტულ ქსელში შეხვიდე 2 000-დან 5 000-ლარამდეა საჭირო, ხოლო შემდგომ პრობლემა რეალიზაციაზე და თანხის ამოღებაზეა, რაც არაერთ ქსელში დგას. პანდემიამ და ლარის კურსმა დარგის განვითარების ტემპი ძალიან დასწია. ქაოსური მდგომარეობაა და არ ვიცით მომხმარებლის მსყიდველუნარიანობა როგორი იქნება", - განაცხადა შეშაბერიძემ და დასძინა, რომ დღეს ქვეყანაში თაფლის ჭარბი წარმოებაა, თაფლის მოხმარების კულტურა კი დაბალია.

"ჩვენ მწარმოებლებმა ადგილობრივ ბაზარზე მოტივაციაც კი დავკარგეთ და ვფიქრობთ, რომ თუ თაფლი ექსპორტზე არ გავა, მასზე უარს ვიტყვით", - აღნიშნა შეშაბერიძემ.