მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

SkiGeorgia-ს დამფუძნებელი: რატომ შეზღუდეს მთის კურორტები?! ვისგან მიიღეს ასეთი რჩევა?!

5fc0b03212681
თელარა გელანტია
27.11.20 11:50
1233
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან იანვრის ბოლომდე სათხილამურო კურორტებზე, ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძსა და მესტიაში შეზღუდვები დაწესდა, რომლის ფარგლებში, სასტუმროების მუშაობა დასაშვებია მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად, რაც იმას ნიშნავს, რომ ზამთრის კურორტებზე სეზონი, ფაქტობრივად, ჩავარდება.

ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას კერძო სექტორის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. მათ შორისაა SkiGeorgia-ს დამფუძნებელი. დანიელ დოინიცინი Facebook-ის პირად გვერდზე ვრცელს პოსტს აქვეყნებს, რომელშიც მთავრობას ახსენებს იმასაც, რომ ბაკურიანი 2021 წლის 5, 6 და 7 თებერვალს AUDI FIS SKI CROSS WORLD CUP-ის მსოფლიო თასის პირველ მასპინძლობს და მნიშვნელოვანია, სპორტსმენებს ვარჯიშის საშუალება ჰქონდეთ.

დანიელ დოინიცინის პოსტს bm.ge უცვლელად გთავაზობთ:

„ქვეყანაში გვაქვს 5 დიდი სამთო სათხილამურო კურორტი, სადაც, ჯამში, გვაქვს 8 სასრიალო არეალი; ამასთან ყველა კურორტზე არის არანაკლებ 66 სასრიალო გზა (ტრასა, სხვადასხვა სირთულის) რომელზეც კატეგორიების მიხედვით ნაწილდებიან სრიალის მოყვარულები. ამ სასრიალო გზებს, ჯამში, ემსახურება 29 საბაგირო (ბიგელები, ბავშვის ხალიჩები და ა.შ არ ჩამითვლია);

ამასთან ქვეყნის მასშტაბით გვყავს, მააქსიმუმ, 100 000 სრიალის მოყვარული. იმის გათვალისწინებით, რომ ტურიზმი არ არის, ბევრმა სამსახური დაკარგა და იმ დოზით ვეღარ შეძლებს კურორტებზე ვიზიტს, როგორც ამას აქამდე ახერხებდა, რაც ვიზიტორთა სიას კიდევ უფრო ამცირებს.

სასტუმროებიც დაკეტილია, მხოლოდ ბინებშია შესაძლებელი განთავსება, რაც "საწოლ ფონდს" კიდევ უფრო ამცირებს. მიჩნდება კითხვა, ამდენ ლოკაციაზე, ამდენ საბაგიროზე, ამდენ სასრიალო გზებზე როგორ ვერ გახდა შესაძლებელი იმის გამართვა რომ ეს ხალხი - გადაფუთული, ბაფებით, ბენდენებით, ნიღბებით, ბალაკლავებით და ა.შ. ერთამენთს არ გადაეყარონ?!

არცერთი პატივცემული ექიმი/ინფექციონისტი არ ამბობს, რომ ვარჯიში და ჯანმრთელი ცხოვრების წესი კორონას დროს უნდა იყოს შეზღუდული, არამედ პირიქით, უნდა იყოს წახალისებული, განსაკუთრებით - გარე სახეობის.

აქვე მოგახსენებთ, რომ სრიალის და მთის მოყვარული ხალხი განსაკუთრებით მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით გამოირჩევიან, რაც ვთვლი, რომ გასათვალისწინებელია.

აი, რატომ აკრძალეს/ჩაკეტეს მთის კურორტები, მიზეზი ამ დრომდე ვერ ვნახე, როდესაც კურორტებზე ხალხის მართვის მილიონი მექანიზმი არსებობს. მათ შორის: ონლაინ დაჯავშვნა, ხალხის რაოდენობის ლიმიტირება მთაზე; საბაგიროებში ადგილების შეზღუდვა და მილიონი სხვადასხვა იდეა.

ვის ესაუბრნენ?! ვისგან მიიღეს მსგავსი რჩევა/დარიგებები ამ მიმართულებით, ეგ მაინც გვითხრან?!

ბაკურიანში მოდის ჩემპიონატი, რისთვისაც ბევრ ფულს ვხარჯავთ. ჩვენმა სპორტსმენებმა თუ არ ივარჯიშეს ამ ჩემპიონატისთვის, ვერაფერს გავხდებით და მაგათთვის მაინც ჩავრთოთ რამდენიმე საბაგირო.

P.S. თუ ვინმე იტყვის, რომ ევროპასა და ამერიკაშიც კეტავენ კურორტებსო, ეს არის მითი.

1. იქ ყველა კურორტი არ იკეტება;

2. ვინც დაიკეტა, ის მაინც აგრძელებს სტუმრების მოზიდვას (სუფთა ჰაერი არასდროს არის ცუდი იდეა, ჩვენი კურორტებისგან განსხვავებით სხვა მილიონი ატრაქცია აქვთ). სამთო სათხილამურო გზების მომზადებას მაინც აგრძელებენ, რომ თუ შანსი იქნა, მალევე შეძლონ კურორტების გახსნა.

3. დიდი უკმაყოფილება გამოიწვია ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში და კურორტების კერძო ოპერატორ კომპანიებში შეზღუდვებმა.

4. იქაური კურორტები, შიდა ტურიზმში ყოველწლიურად მილიონობით ვიზიტორს ღებულობს, ამიტომ, სამწუხაროდ, ვერც მაგაში ვერ შევედრებით.

5. სპორტსმენებისთვის, გუნდებისთვის საბაგიროები ხელმისაწვდომია“, - წერს SkiGeorgia-ს დამფუძნებელი.