მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სკოლის დირექტორობის 3205 მსურველიდან გამოცდაზე 1839 აპლიკანტი გამოცხადდა - სამინისტრო

63cd3b6cb4e36
თამთა ჯიჯავაძე
22.01.23 17:32
3247
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების პროცესის პირველი ეტაპი – ტესტირება დღეს, 12:00 საათზე ერთ სესიად ჩატარდა. როგორც განათლების სამინისტრო იტყობინება, მთელი ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირებდა 49 საგამოცდო ცენტრი. ტესტირებისთვის რეგისტრაცია 3 205-მა დირექტორობის მსურველმა გაიარა, ადგილზე კი 1839 აპლიკანტი გამოცხადდა.

ტესტირება, სხვადასხვა უწყებასთან და ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ორგანიზებით ჩატარდა. ტესტირების ხანგრძლივობა 5 საათს შეადგენდა, ხოლო მხედველობის პრობლემის მქონე დირექტორობის მსურველებს, შესაბამისი განაცხადისა და სამედიცინო დასკვნის წარდგენის საფუძველზე, დამატებით კიდევ 30 წუთი მიეცათ.

"აპლიკანტები ტესტირების შედეგების გაგებას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდისა https://emis.ge/ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებგვერდის https://directors.mes.gov.ge/ მეშვეობით რეგისტრაციის დროს მინიჭებული უნიკალური კოდის მითითებით შეძლებენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, სკოლის დირექტორის თანამდებობაზე, ჯანსაღი კონკურენციის პირობებში, მაღალკვალიფიციური და ღირსეული კადრების მოზიდვის მიზნით, 2022 წელს დაიწყო საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების პროცესი, რომელიც ორ საფეხურს – ტესტირებასა და გასაუბრებას მოიცავს.

ტესტირების წარმატებით გავლის შემთხვევაში დირექტორობის მსურველები გადავლენ სერტიფიცირების მომდევნო ეტაპზე, რომელიც გასაუბრებას გულისხმობს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, საჯარო სკოლის დირექტორობის თითოეული მსურველისთვის 24 ოქტომბრიდან ხელმისაწვდომია უფასო ვებინარები, საინფორმაციო შეხვედრები და შესაბამისი კონსულტაციები. ჩატარებული ვებინარების ჩანაწერების ნახვა შესაძლებელია ვებგვერდზე – https://el.ge/webinars/subjects/101?filter=ended", - აღნიშნულია განათლების უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.