მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სნოუდენი პირადი მონაცემების გავრცელების საშიშროებაზე საუბრობს

5dc13a5b5c18b
მიხეილ ხაჩიძე
05.11.19 22:00
1042
პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში ყველაზე მასშტაბური ევროპული ინტერნეტკონფერენცია გაიხსნა. ღონისძიებაზე სტუმრებს კომპიუტერული უსაფრთხოების სფეროს სპეციალისტმა ედუარდ სნოუდენმა მიმართა. აშშ-ის ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს ყოფილი თანამშრომელი ღონისძიებაზე Livestream-ით ჩართეს. 


კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას სნოუდენმა, რომელმაც 6 წლის წინ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისა და სადაზვერვო სამსახურების ჯაშუშური მეთოდები ამხილა, განაცხადა, რომ კიბერუსაფრთხოება დიდი გამოწვევების და საფრთხის წინაშე დგას. კომპიუტერული უსაფრთხოების სპეციალისტის თქმით, ისეთი ვებ-გიგანტები, როგორებიცაა Google-ი და Facebook-ი მთავრობებთან შეთანხმებით მოქმედებენ. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის მონაცემთა დაცვა რეგულირდება, სნოუდენის თქმით, პირადი მონაცემების გავრცელების პრობლემა რეალურად მაინც არსებობს.


”პრობლემა არ არის მონაცემთა დაცვა, არამედ პრობლემა არის ის რომ, მონაცემები გროვდება”, - დასძინა მან.


საუბრისას სნოუდენმა ასევე განაცხადა, რომ დღესდღეობით ინტერნეტით თუ მობილურით სარგებლობისას აღარავის უნდა ენდონ. ”იქნება ეს Huawei თუ Nokia, ჩვენ ვერავის ვენდობით, რადგან ყველა ორგანიზაციას საკუთარი ინტერესები აქვს”-აღნიშნა მან.


სნოუდენის შემდეგ, სცენაზე ჩინური გიგანტის Huawei-ს დირექტორი გამოჩნდა. ჯუო პინგმა ძირითადად ამერიკულ სანქციებსა და რეგულაციებზე ისაუბრა, მან ასევე ყურადღება გაამახვილა 5G- ინტერნეტის მნიშვნელობაზეც.


ყველაზე მასშტაბური ევროპული ვებსამიტი პორტუგალიაში ხუთშაბათს დასრულდება. ღონისძიების ფარგლებში მსოფლიოდან მიწვეული ცნობილი კიბერუსაფრთხოების ექსპერტები და IT-სპეციალისტები მოხსენებით გამოვლენ.