მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოცაგენტები ოჯახების შეფასებისას აღიჭურვებიან სამხრე კამერებით - ტიკარაძე

5e3b01219dfe9
BM.GE
05.02.20 21:49
795
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ეკატერინე ტიკარაძემ სოციალურად დაუცველ პირთა საკითხებზე ისაუბრა. მისი თქმით, სამინისტრომ დაიწყო ოჯახების ეკონომიკური მდგომარეობის ინტენსიური გადამოწმება, რათა შემწეობა მიიღონ იმ ადამიანებმა, რომლებსაც ყველაზე მეტად ესაჭიროება.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მოკლედ განმარტა ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობის შემოწმების დღეს არსებული პროცედურა და ხაზი გაუსვა იმას, რომ აღნიშნულ პროცედურასთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში არაზუსტი ინფორმაცია გავრცელდა. ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ ხელახალი გადამოწმების დროს ოჯახის შესწავლას სჭირდება საშუალოდ 20 დღე. შესწავლიდან ერთ თვეში ხდება სპეციალური მეთოდოლოგიით დადგენილი ახალი სარეიტინგო ქულის ძალაში შესვლა. ხოლო ახალი ქულის მინიჭების შემდეგ საშუალოდ 20 დღეში ხორციელდება დახმარების განახლება. მნიშვნელოვანია, რომ გადამოწმების პერიოდში ოჯახს სოციალურად დაუცველის სტატუსი უნარჩუნდება.

მინისტრმა ისიც აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მუშაობა ცვლილებაზე, რომლის მიხედვითაც, ახალი ქულის მინიჭებამდე, საარსებო შემწეობის დარიცხვა უწყვეტად მოხდება.

„ჩვენი მთავარი მიზანია ოჯახების შეფასების მეთოდოლოგია კიდევ უფრო დავხვეწოთ და მივაღწიოთ დახმარების განაწილების მაქსიმალურად სამართლიან და მიზნობრივ პრინციპს.

ოჯახების შეფასების პროცესის კიდევ უფრო მეტი გამჭვირვალობის მიზნით, უახლოეს პერიოდში სოციალური აგენტები აღიჭურვებიან სამხრე კამერებით და ციფრული მოწყობილობებით, რათა დეკლარაციაში ინფორმაცია იყოს არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ ვიზუალურად ასახული. ეს იქნება კიდევ ერთი ინსტრუმენტი იმისათვის, რომ გამოირიცხოს როგორც აგენტის სუბიექტური შეფასება, ისე სისტემური შეცდომები“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.