მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოცაგენტებისთვის ხელფასების მატების ბრძანება დამტკიცდა, თუმცა გაფიცვა გრძელდება

61e688899bcb0
ინგა მურუსიძე
18.01.22 13:34
770
სოციალური მომსახურების სააგენტომ სოციალური აგენტებისა და უფროსი სოციალური აგენტების გაზრდილი ხელფასების შესახებ ახალი ბრძანება დაამტკიცა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

დამტკიცებული დოკუმენტის თანახმად, სოციალური აგენტის ფიქსირებული ანაზღაურება 60%-მდე იზრდება. კერძოდ, მათი ხელფასი 250 ლარის ნაცვლად 400 ლარი გახდება, უფროსი სოციალური აგენტის კი - 550 ლარის ნაცვლად 700 ლარი. ასევე, ოჯახებში შესრულებული ვიზიტების ფარგლებში, ერთ შევსებულ დეკლარაციაზე სოციალური აგენტები 6 ლარის ნაცვლად 10 ლარს მიიღებენ.

ასევე, სოციალური მომსახურების სააგენტოს დაბალი და საშუალო რგოლის თანამშრომლებს ხელფასი 40%-დან 60%-მდე ეზრდებათ.

ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, გადაწყვეტილების შესახებ დოკუმენტი გასაცნობად თანამშრომლებს უკვე დაეგზავნათ.

გაზრდილი თანამდებობრივი სარგო სოციალური მომსახურების სააგენტოში დაასაქმებულ სულ 998 პირს შეეხება.

"სოციალური აგენტებისა და უფროსი სოციალური აგენტების მომატებული შრომის ანაზღაურების შესახებ ბრძანება ძალაში 2022 წლის 20 იანვრიდან შევა, ხოლო სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები მომატებულ ხელფასებს 2022 წლის 1-ელი თებერვლიდან მიიღებენ“, - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

Bm.ge ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ესაუბრა გაფიცული სოციალური აგენტების ადვოკატს, „სოლიდარობის ქსელის“ წარმომადგენელ დავით ომსარაშვილს, რომელიც ამბობს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება მისაღები არ არის და საპროტესტო აქცია გრძელდება.

„პროტესტი გრძელდება, პოზიცია იგივეა, რაც საპროტესტო აქციის დაწყებისას გვქონდა. სოციალური აგენტები ითხოვენ ხელფასების 100%-იან მატებას. დაახლოებით, 400-მდე ადამიანი რჩება გაფიცვის რეჟიმში. ისინი არ მუშაობენ და ეს იქამდე გაგრძელდება, ვიდრე გადაწყვეტილების მიმღები პირი ანუ მინისტრი არ შეხვდება მათ“, - განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, სოციალური მომსახურეობის აგენტები 17 იანვრიდან ხელფასების მომატების მოთხოვნით აქციას მართავენ.