მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

SOCAR-ი შავ ზღვაში გაზის მოპოვების მიმართულებით თურქულ ნავთობკომპანიასთან თანამშრომლობას გეგმავს

60ccd8160738a
თამთა ჯიჯავაძე
19.06.21 00:30
818
თურქული ნავთობკომპანია Turkish Petroleum Corporation-ი (TPAO) და აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-ი შავ ზღვაში გაზის მოპოვების სამუშაოებში თანამშრომლობას განიხილავენ. ამის შესახებ, თურქული მედიის ცნობით, SOCAR-ის თავმჯდომარემ თურქეთში, ვაგიფ ალიევმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, შავ ზღვაში გაზის აღმოჩენისა და მოპოვების პროცესში თანამშრომლობა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. „ეს ჩვენს ინტერესებშია“, – განაცხადა მან. ცნობისთვის, SOCAR-ი თურქულ ნავთობკომპანიასთან 1994 წლიდან თანამშრომლობს და ინვესტიციებს ახორციელებს.

თურქეთში SOCAR-ის თავმჯდომარემ ასევე ხაზი გაუსვა იმასაც, რომ TPAO-სთან თანამშრომლობა შესაძლოა გაგრძელდეს მესამე ქვეყნებში ინვესტიციების განხორციელებითაც, კერძოდ, პოტენციური პროექტების განხორციელებით „ენერგორესურსებით მდიდარ მესამე ქვეყნებში“. რომელ ქვეყნებზეა საუბარი, ჯერჯერობით უცნობია.

გარდა ამისა, თურქული მედიის ცნობით, SOCAR-ი კიდევ ერთ მსხვილ ინვესტიციას გეგმავს თურქეთში, საუბარია ბრიტანულ მულტინაციონალურ ქიმიურ კომპანია INEOS-სთან თანამშრომლობაზე.

„ინვესტიციის თაობაზე გადაწყვეტილება მომდევნო წელს გახდება ცნობილი. ჩვენ აღარ გვინდა, რომ ეს საკითხი კიდევ გადავავადოთ“, – განაცხადა ალიევმა.

მანამდე კი SOCAR-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა თურქეთში, ზაურ გაჰრამანოვმა Anadolu Agency-ის განუცხადა, რომ პროექტის ინვესტიციის მოცულობა $1.6-დან $2 მილიარდამდე იქნება.

აღსანიშნავია, რომ ვაგიფ ალიევმა აღნიშნული განცხადებები თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოღანის აზერბაიჯანში ვიზიტის შემდეგ გააკეთა. როგორც ცნობილია, ერდოღანმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან ილჰამ ალიევთან SOCAR-ისა და TPAO-ს პოტენციური თანამშრომლობის საკითხები განიხილა.

SOCAR-ი თურქეთის უმსხვილესი უცხოელი ინვესტორია, რომლის მიერ თურქეთში განხორციელებული ინვესტიციები $16.5 მილიარდს შეადგენს.

ცნობისთვის, გასულ წელს თურქეთმა შავ ზღვაში უმსხვილესი, 405 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის გაზით მდიდარი საბადო აღმოაჩინა.