მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოცდაუცველები ტოტალიზატორში არ უნდა დადიოდნენ - ფინანსთა მინისტრი

61addb21bc1ec
BM.GE
06.12.21 14:00
747
მთავრობა მიმდინარე კვირაში აზარტული თამაშების რეგულირების ახალ პაკეტს პარლამენტს წარუდგენს. მისი მეშვეობით სოცდაუცველებს, ასევე 25 წლამდე პირებს და საჯარო მოხელეეებს აზარტული თამაშები აეკრძალებათ. მთლიანობაში შეზღუდვა 1 მილიონ ადამიანს შეეხება.

დღეს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, რომ სოცდაუცველებისთვის აკრძალვა წესდება, რადგან მათ სახელმწიფოსგან მიღებული თანხები აზარტულ თამაშებზე არ დახარჯონ. 

“სოცდაუცველს რომ ეხმარება სახელმწიფო და ის ტოტალიზატორში მიდის, ეს არაა ჩვენი მიზანი. მეორე ნაწილია საჯარო მოხელეები, რომელთაც შინაგანაწესით ეზღუდებათ ასეთი ტიპის საქმიანობა, თუმცა მოხდება ამის კანონმდებლობის სხვა დონეზე აყვანა.

ეს შეზღუდვები შეამცირებს შემოსავლებს, თუმცა საგადასახადო პოლიტიკა, რომელიც იქნა წარმოდგენილი დააბალანსებს ამ შემცირებას და შესაბამისად არ ვვარაუდობთ, რომ მომდევნო წლებში საგადასახადო შემოსავლები ამ მიმართულებით შემცირდება,”- აცხადებს ლაშა ხუციშვილი.

ფინანსთა მინისტრი აცხადებს, რომ ის ვერ მიიღებს სექტორის პრეტენზიას იმასთან დაკავშირებით, რომ ცვლილებები მოულოდნელად დაანონსდა, თუმცა ფაქტია, რომ თავად სექტორის განცხადებით, მათ ახალი რეგულაციების შესახებ მხოლოდ 2 კვირის წინ, პრემიერ-მინისტრის ბრიფინგიდან შეიტყვეს.

“წინასწარ არ იყვნენ საქმის კურსში ეს რას ნიშნავს? კომპიუტერში რომ ტექსტი აიკრიფება სათამაშო ბიზნესი უნდა იყოს იქ და უყურებდეს? კანონპროექტი ჯერ ინიცირებულიც არაა, შესაბამისად არ ვიღებთ ამ პრეტენზიებს.

არის შეხვედრებიც მათთან და არის საჯარო განხილვების ნაწილიც, რომელსაც სჭირდება საკანონმდებლო ცვლილებები და პარლამენტი არის სწორედ ის ადგილი, სადაც ასეთი განხილვები ხორციელდება,”- ამბობს ხუციშვილი.