მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოციალურად დაუცველი პენსიონერები მედიკამენტებისთვის 500-ლარიან ვაუჩერს მიიღებენ - კალაძე

616fcbd242320
დავით ჯალაღონია
20.10.21 12:20
4389
დედაქალაქში მცხოვრები 40 000 სოციალურად დაუცველი პენსიონერისთვის მედიკამენტების დაფინანსების პროგრამა განხორციელდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, პროგრამის ფარგლებში, პენსიონერები 500-ლარიანი ვაუჩერებით ისარგებლებენ.

"როგორც იცით, თბილისში ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით არაერთ პროექტი ხორციელდება. თბილისის მერიამ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, მოქალაქეების ორ მილიონამდე მოთხოვნა დააკმაყოფილა. მომავალშიც ვიქნებით იმ ოჯახების გვერდით, ვისაც თანადგომა სჭირდება. რაც შეხება ახალ პროგრამას, სოციალურად დაუცველ პენსიონერებს 500-ლარიანი ვაუჩერები გადაეცემათ იმისთვის, რომ ოჯახის ექიმის მიერ დანიშნული სხვადასხვა მედიკამენტი (გულ-სისხლძარღვთა, გამაყუჩებელი, ქრონიკული ავადმყოფობების სამკურნალო და ა.შ.) შეიძინონ. პროგრამისთვის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 20 მილიონი ლარი გამოიყოფა", - განაცხადა კახა კალაძემ.

აღსანიშნავია, რომ ამ თემას არაერთი გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის, ჯანდაცვის სპეციალისტმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა Facebook–ის საკუთარ გვერდზე, სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებზე დაყრდნობით დაწერა, რომ თბილისში 232,339 პენსიონერია, საიდანაც სოციალურ შემწეობას 19,447 ადამიანი იღებს. იქიდან გამომდინარე, რომ დედაქალაქის მერმა 500-ლარიანი ვაუჩერის მიმღებთა შორის 40 ათასი პენსიონერი მოიაზრა, BMG–მ თბილისის მერიას კითხვით მიმართა – კახა კალაძის მიერ დღეს გაჟღერებულ დახმარებას ის პენსიონერები მიიღებენ, რომლებიც სოციალურად დაუცველთა ბაზაში არიან, თუ მხოლოდ ისინი, რომელთაც შესაბამისი კრიტერიუმების საფუძველზე შემწეობის ფარგლებში გათვალისწინებული თანხა ერიცხებათ. როგორც მერიაში განმარტეს, კალაძის ინიციატივა სოციალურად დუცველთა ბაზაში მყოფ ყველა პენსიონერს ეხება, ვინც თბილისშია რეგისტრირებული, დამოუკიდებლად იმისა, დღეს იღებენ შემწეობას, თუ – არა.

დღესვე, თბილისის მერისგან ცნობილი გახდა, რომ 2022 წლიდან ის ოჯახები, რომელთაც უსახლკაროს სტატუსი აქვთ მინიჭებული, საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდებიან.

"ჩვენ ქალაქში, დაახლოებით, 400 უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახი ცხოვრობს. მომავალი წლიდან არცერთი თბილისელი ბინის გარეშე არ დარჩება. პოლიტიკამ იმდენად შეჭამა სოციალური საკითხები, ბევრ ადამიანს ეს პრობლემა არც კი ახსოვს. მე ვალდებული ვარ, საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, რომ ჩვენ უკვე საბინაო ფონდის შექმნა დავიწყეთ და 2022 წლიდან ამ პროგრამის განხორციელებას დავიწყებთ", - აღნიშნა კახა კალაძემ.